თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. 2017 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტების გავლით გაიარა 1,6 მილიონმა მგზავრმა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48,6%-ით მეტია.
მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
თბილისის აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე, რომელიც თბილისის ცენტრიდან 15 კმ-ში მდებარეობს, მგზავრთა საერთო ნაკადის 80% მოდის.
საანგარიშო პერიოდში თბილისის აეროპორტი მოემსახურა დაახლოებით 1,3 მილიონ მგზავრს, რაც 2016 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 44.1%-ით მეტია.
ქუთაისის აეროპორტი
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით, რომელიც ქალაქის ცენტრიდან 14 კმ-ში მდებარეობს, მგზავრთა საერთო რიცხვის 11,5%-მა ისარგებლა. აეროპორტის პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს ავიაბაზარზე დაბალტარიფიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის კონკურენტული გარემოს შექმნა.
2017 წლის ექვს თვეში ქუთაისის აეროპორტი 185 000-მდე მგზავრს მოემსახურა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 93,7%-ით მეტია.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტით, რომელიც ქალაქიდან 2 კმ-ში მდებარეობს, მგზავრთა საერთო რიცხვის 8,3%-მა ისარგებლა. შიდა და საერთაშორისო რეისების გარდა, აეროპორტი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში შიდა ავიამიმოსვლას ემსახურება.
2017 წლის პირველ ნახევარში ბათუმის აეროპორტის გავლით გაიარა 133 400-ზე მეტმა მგზავრმა, რაც გასული წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 44%-ით მეტია.
ზაფხულის სეზონზე რეგულარული და ჩარტერული რეისების რაოდენობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად იზრდება.
მესტიის აეროპორტი
თამარ მეფის სახელობის აეროპორტი — პატარა აეროპორტი სვანეთში, გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივი ავიამიმოსვლისთვის. საანგარიშო პერიოდში ამ აეროპორტით ისარგებლა საერთო მგზავრთა 0,2%-მა.
იანვარ-ივნისში აეროპორტი მოემსახურა 3200-ზე მეტ მგზავრს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 117%-ით მეტია.
ამბროლაურის აეროპორტი
ამბროლაურის პატარა აეროპორტი მხოლოდ ადგილობრივ რეისებს ემსახურება.
პირველად აეროპორტმა მგზავრები 2017 წლის იანვარში მიიღო — საანგარიშო პერიოდში ამ აეროპორტით 457 მგზავრმა ისარგებლა, რაც მგზავრთა საერთო რიცხვის 0,03%-ს შეადგენს.
ზაფხულის სეზონზე ფრენებს 42 ავიაკომპანია ასრულებს — ერთი ქართული და 41 უცხოური, მათ შორის სამი სატვირთო. პირდაპირი რეისები 29 ქვეყნის მიმართულებით ხორციელდება, რაც გასულ წელთან შედარებით 32%-ით მეტია.
2017 წელს საქართველოს აეროპორტებიდან ფრენები 72 მიმართულებით ხორციელდება, რაც 2016 წელთან შედარებით 29%-ით მეტია.
მნიშვნელოვნად გაიზარდა ავიაკომპანიების რიცხვი, რომლებიც ბათუმის მიმართულებით ფრენენ. სულ 2017 წელს ბათუმის მიმართულებით ზაფხულის ტურისტულ სეზონზე რეისებს რვა ახალი ავიაკომპანია ახორციელებს. სულ ბათუმის მიმართულებით ზაფხულის სეზონზე 23 ავიაკომპანიის თვითმფრინავი იფრენს.
ბათუმის აეროპორტში ახალი რეისები განხორციელდება კიევიდან, მოსკოვიდან, ჩერეპოვეციდან, სანქტ-პეტერბურგიდან, დუბაიდან, ბეირუთიდან და თეირანიდან.