ქვეყანაში ავტოსკოლების ლიცენზირების საკითხი განიხილება

გამოწერა
„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ავტოსკოლების სფეროს რეფორმირება აუცილებელია.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ქვეყნის ავტოსკოლებში სწავლების ერთიანი სტანდარტის შემუშავებისა და ლიცენზირების საკითხები განიხილეს, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა გელაშვილი, განათლების სამინისტროს, ავტოსკოლების წარმომადგენლები და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ექსპერტები.

„მართვის მოწმობის გაცემა უნდა მოხდეს ევროდირექტივების შესაბამისად და იმისთვის, რომ ეს მოხდეს, ავტოსკოლების სფეროში უნდა გატარდეს სერიოზული რეფორმა… დღეს საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ავტოსკოლების საქმიანობა არის არალიცენზირებული, ამიტომ ეს უნდა დამთავრდეს", — განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა.

საცობი ქალაქში - Sputnik საქართველო
დამრღვევი მძღოლების წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდა

სამინისტროში აღნიშნეს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი მიზანი კვალიფიცირებული მძღოლების მომზადებაა. კონკრეტულად როდის შემუშავდება შესწორებები – უცნობია.

2017 წლის გაზაფხულზე საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სასჯელს ამკაცრებს. გარდა ამისა, 1 ივლისიდან ამოქმედდა ე.წ. ქულების სისტემა — მძღოლის მართვის მოწმობაზე დაირიცხება 100 ქულა, რაც, დარღვევების შემთხვევაში, შემცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. თავდაპირველად ქულები ნახევარ წელზე იქნება გათვლილი, ანუ 2017 წლის ბოლომდე, მომავალში კი — ერთ წელზე.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის მართვის მოწმობის გაცემის წესებს, ამჟამად მისი მიღება შეუძლია იმასაც კი, ვისაც ავტოსკოლაში არ უსწავლია. მართვის მოწმობის ასაღებად საჭიროა ორი გამოცდის — თეორიისა და პრაქტიკის ჩაბარება.

ავტოსკოლაში სწავლა საშუალოდ 60 ლარი ღირს (თეორიის 16 გაკვეთილი), მართვის ერთი გაკვეთილი (1 სთ) – 20 ლარი.

ყველა ახალი ამბავი
0