თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აჭარის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან თათბირი ჩაატარა და დამსვენებელთა უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით პოლიციელების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ანგარიში ჩაიბარა.
ზაფხულის სეზონზე აჭარა ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ კურორტს წარმოადგენს. საზღვაო დასვენების მოყვარული ტურისტების ნაკადი ბათუმსა და აჭარის სხვა საკურორტო ადგილებში არ წყდება.
„საზღვაო სეზონს ჩვენ წელსაც სათანადოდ მომზადებულები შევხვდით. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი კვლავ წარმატებით და უდიდესი პასუხისმგებლობით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას და მაქსიმალურად დაიცავს დამსვენებელთა უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს“, — განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შს მინისტრმა აჭარის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ახალი დავალებები მისცა და წარმატება უსურვა.
ტურისტების რაოდენობა საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება. შსს-ს მონაცემებით, 2016 წელს საქართველოს 6,3 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია. 2017 წლის იანვრიდან ივნისამდე საქართველოს 3 მილიონამდე ვიზიტორი ეწვია.