აშშ-ის ელჩი: საქართველოს უფლება აქვს, თვითონ ააწყოს ურთიერთობები რუსეთთან

© Facebook / US Embassyიან კელი
იან კელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან მიმართებით საკუთარ ხედვაზე ისაუბრა.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, უფლება აქვს თავად მიიღოს გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ააწყოს ურთიერთობები რუსეთთან, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ.

ამ დღეებში პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" სამი დეპუტატი მოსკოვს ეწვია. პარლამენტის დეპუტატებმა გიორგი ლომიამ, ნატო ჩხეიძემ და ადა მარშანიამ შეხვედრები გამართეს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებთან და პარლამენტთაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. საქართველოში ისინი მკაცრად გააკრიტიკეს როგორც კოლეგებმა, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
რუსეთის საგარეო უწყებამ თბილისის კრიტიკას უპასუხა

"რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე ასვლას, ვიტყოდი, რომ ამისთვის თავდაპირველად ჯობს ურთიერთობების ნორმალიზება, ბორდერიზაციის პრობლემის აღმოფხვრა, ასევე პრობლემების, რომლებიც ადამიანების თავისუფლად გადაადგილებას უშლის ხელს. ასევე აღვნიშნავდი, რომ საქართველო სუვენერულად წყვეტს, რა ურთიერთობები უნდა ჰქონდეს სხვა ქვეყნებთან, მაგრამ უფრო კარგი იქნება ჯერ ურთიერთობების ნორმალიზება და შემდეგ — სხვა დონეზე გადასვლა", — განაცხადა კელიმ, იუწყებიან ქართული საინფორმაციო საშუალებები.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი თბილისთან სხვადასხვა დონეზე კონტაქტისთვის მზადაა.

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება. ამასთან საქართველო პროდასავლური პოლიტიკის გატარებას აგრძელებს.

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიების და ასევე აბაშიძე–კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული. აბაშიძე-კარასინის შეხვედრები ტრადიციულად პრაღაში იმართება და გულისხმობს მხოლოდ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე მოლაპარაკებებს.

ყველა ახალი ამბავი
0