თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ბავშვთა დამნაშავეობასთან ბრძოლის პროგრამის განხორციელებისთვის 250 000 დოლარის გამოყოფას აპირებს, რომელიც ითვალისწინებს „ალტერნატიული მართლმსაჯულების“ მოდელის დანერგვას და პოლიციელთათვის ტრენინგების ჩატარებას, იუწყება RT აშშ-ის სახელმწიფო გრანტების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით.
ფულად სახსრებს მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამის რეალიზაციას განახორციელებენ. პროექტის კურირებას განახორციელებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიურო (INL).
სახელმწიფო დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ ახალგაზრდულ დამნაშავეობასთან ბრძოლის ტრადიციული მეთოდები საკმარისი არ არის, ჩადენილი დანაშაულის გამო ფორმალური იურიდიული პასუხისმგებლობა არაეფექტურია და აღზრდის ნაცვლად დამნაშავეობის რეციდივების გახშირება შიძლება გამოიწვიოს.
თუ პროგრამა წარმატებული აღმოჩნდება, აშშ მის დანერგვას სხვა ქვეყნებშიც გეგმავს.
თებერვალში ცნობილმა კვლევითმა პორტალმა NUMBEO–მ მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგი შეადგინა, რომელშიც მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის საქართველომ მეშვიდე ადგილი დაიკავა. საქართველოში დანაშაულის ინდექსმა 20,83 შეადგინა, ხოლო უსაფრთხოების ინდექსმა — 79,17. თავისი მაჩვენებლებით საქართველომ ყველა ახლო მეზობელს, ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობასა და აშშ-ს გაუსწრო.
რაც შეეხება არასრულწლოვანი ბავშვების მიერ ჩადენილ დანაშაულს, თბილისსა და რეგიონებში ცალკეული შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა, მაჩვენებლები შემაშფოთებელი არ არის.
2015 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა არასრულწლოვანთათვის მართლმსაჯულების კოდექსი მიიღო. კანონი განსაზღვრავს არასრულწლოვანთა ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და საქმის წარმოებაში მათი მონაწილეობის სპეციალურ წესებს.
ახალი კოდექსის მიზანია არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების რეაბილიტაცია, არასრულწლოვან დაზარალებულთა და მოწმეების უფლებების დაცვა და ა.შ.
კოდექსი სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს.