თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. გასულ, 2016 წელს საქართველოში მომხდარი დანაშაულების რაოდენობა 2%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 36 ათასს მიაღწია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის მასალებში.
დანაშაულების გახსნის რაოდენობამ 2016 წელს 57,4%-ს მიაღწია, ხოლო 2015-წელს — 60,7% იყო.
დანაშაულების დიდი ნაწილი თბილისში იყო ჩადენილი (40,5%), ხოლო ყველაზე ნაკლები დანაშაული მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოხდა (2,7%).
ყველაზე გავრცელებული კანონდარღვევები საკუთრებასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე მოდიოდა: ქურდობაზე, ძარცვაზე და სხვ.
ამას მოსდევს ნარკოდანაშაული, სატრანსპორტო და ადამიანების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების დანაშაულები.
დანაშაულებს ქვეყანაში ძირითადად საქართველოს მოქალაქეები სჩადიან. 2016 წელს უცხოეთის 661 მოქალაქეა დაკავებული კანონდარღვევების გამო. მათ შორის: თურქეთის(25%), რუსეთის (16%), აზერბაიჯანის (15%), სომხეთისა (14%) და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
სტატისტიკური მონაცემები შეიცავს შვიდი საგამოძიებო უწყების მიერ დაფიქსირებულ დანაშაულებს. მათ შორისაა: შსს, იუსტიციის, თავდაცვის ფინანსთა და სასჯელაღსრულების სამინისტროები, მთავარი პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.