თბილისი, 24 მარტი — Sputnik. მთელი წლის განმავლობაში საქართველოს პოლიციამ ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უცხოეთის სხვადასხვა სახელმწიფოს 120 ადამიანს უთხრა და მათი დეპორტაცია განახორციელა, განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბრიუსელში „ევროპის პოლიტიკის ცენტრში" გამართულ შეხვედრაზე.
საქართველოს შს მინისტრი ბელგიის დედაქალაქს სამდღიანი სამუშაო ვიზიტით 20 მარტს ეწვია. მინისტრმა შეხვედრები გამართა ვიცე-პრემიერთან, უსაფრთხოებისა და შს მინისტრ ჟან ჟამბონთან, მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისართან იოჰანეს ჰანთან და ალიანსის გენმდივნის მოადგილე როუზ გეტემიულერთან.
„მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი საზღვრების შესაძლებლობები გავზარდოთ. ამაში ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული. არაერთი პროექტი განხორციელდა იმისთვის, რომ ჩვენი საზღვარი კიდევ უფრო მეტად ყოფილიყო დაცული. ჩვენ საკმაოდ ეფექტურად ვებრძვით არალეგალურ მიგრაციას. იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვს კანონიერი საფუძველი ქვეყანაში ყოფნის, ჩვენ ვადეპორტებთ. ერთი წლის განმავლობაში ასეთი ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 120 იყო", — განაცხადა მღებრიშვილმა.
„ევროპის პოლიტიკის ცენტრში" სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს შს მინისტრმა ანალიტიკოსებს ის რეფორმები გააცნო, რომელიც უწყებამ განახორციელა. მღებრიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ევროპული ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას. მინისტრის სიტყვებით, ქართულმა მხარემ ევროკავშირის 16 ქვეყანასთან უკვე გააფორმა შეთანხმება დანაშაულთან ბრძოლის შესახებ, ხოლო 13 ქვეყანაში თავისი ატაშეები გაგზავნა.
„უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ მომხიბლა განხორციელებული რეფორმების ჩამონათვალმა, მათ შორის, პოლიციის რეფორმამ, არალეგალურ მიგრაციასთან და ნარკოტიკებთან ბრძოლის რეფორმამ, ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობამ", — განაცხადა „ევროპის პოლიტიკის ცენტრის" ანალიტიკოსმა ამანდა პაუელმა.
საქართველოს შს მინისტრმა მრგვალი მაგიდის წევრებს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში უწყების მიერ აღებული და წარმატებით შესრულებული ვალდებულებები გააცნო, რომელიც ძალაში 28 მარტს შევა.