თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დეპორტირებული არიან, უვიზო მიმოსვლით გარკვეულ შემთხვევაში ისარგებლებენ, განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ.
საქართველოს მოქალაქეები 28 მარტიდან შენგენის ზონის ქვეყნებში 180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ შეძლებენ ყოფნას.
„გააჩნია რისთვის იყვნენ დეპორტირებული. თუ მუხლი შეეხებოდა ძალიან მძიმე დანაშაულს, მათ აღარ ექნებათ უვიზო რეჟიმით სარგებლობის საშუალება. თუმცა, თუ ადამიანმა ქვეყანაში ყოფნის ვადას 10-15 წლის წინ გადააცილა და ის თავის დროზე დეპორტაციას დაუქვემდებარეს, ამ შემთხვევაში არსებობს ხანდაზმულობის ვადა“, — განაცხადა ვიქტორ დოლიძემ პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის საკითხების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხი“ აშუქებდა.
ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის მქონე ადამიანების რაოდენობის ზრდის პრობლემა არ იქნება, რადგან ბევრმა ქვეყანამ საქართველო უსაფრთხო ქვეყანად აღიარა და თავშესაფრის გადაცემის საკითხს აღარ განიხილავენ.
გარდა ამისა, სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმის შემოღება ევროკავშირში არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არ შეეხება.
„მათთვის ყველაფერი ძველებურად დარჩება“, — ხაზგასმით აღნიშნა დოლიძემ.
საქართველოს ხელისუფლება დეპორტირებულ და არალეგალურად ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ზუსტ რაოდენობას ვერ ასახელებს.
ევროკავშირმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე დიალოგი 2012 წელს დაიწყო. 2013 წლის თებერვალში ევროკომისიამ საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ წარადგინა მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის ყველა პირობა შეასრულა.