თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყანათა სიაში შეიყვანა, ნათქვამია ბელგიის სამეფოს საკანონმდებლო მაცნეში.
ქვეყნისათვის „უსაფრთხო“ სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ მის მოქალაქეებს ძალიან ცოტა ექნებათ შანსი, რომ ბელგიაში თავშესაფარი მიიღონ. თუმცა საკანონმდებლო მაცნეს ტექსტში მითითებულია, რომ ამ სტატუსის მინიჭება ქვეყნისათვის არ ნიშნავს ავტომატურად მისი მოქალაქისათვის თავშესაფარზე უარის თქმას.
საქართველოს გარდა ბელგიაში „უსაფრთხო“ ქვეყნების სიაში არიან ინდოეთი, მონტენეგრო, სერბეთი, კოსოვო, მაკედონია, ბოსნია და ჰერცოგოვინა და ალბანეთი. ბელგიამ „უსაფრთხო“ ქვეყნების სია 2012 წლიდან შემოიღო. იგი ყოველწლიურად განახლდება.
მიმდინარე წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ გერმანია მზად არის საქართველო „უსაფრთხო“ ქვეყნების სიაში შეიყვანოს.
ქვეყანა უსაფრთხოდ ითვლება, თუ გარკვეული დროის მანძილზე იქ არ ყოფილა დევნა და რეპრესიები, როგორც ეს არის მითითებული ჟენევის კონვენციაში და არ არის არანაირი ეჭვი საფრთხისა და რისკის შესახებ, თუ ადამიანი დაბრუნებული იქნება თავის სამშობლოში. ამ ქვეყნებიდან მიიღება და განიხილება მხოლოდ თხოვნები პოლიტიკური დევნის შესახებ.