თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ამჟამად უკრაინაში მოღვაწე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მიხეილ სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას ვერ შეძლებენ.
სააკაშვილმა, რომელიც ერთ დროს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თანამოაზრე იყო, 2015 წლის მაისში უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა. 2016 წელს კი სააკაშვილი თანამდებობიდან სკანდალით გადადგა — მან პოროშენკო რეგიონში დანაშაულებრივი კლანების მფარველობაში დაადანაშაულა და დააარსა ოპოზიციური პარტია „ახალი ძალები" (Рух новых сил).
„ჩემთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა — ფანტაზიის სფეროა. მათ რომ ეს შეძლებოდათ, მაშინ ყველაფერი სხვა ფორმით იქნებოდა. მათ ამისთვის პოლიტიკური რესურსი არ გააჩნიათ, და მე ამის არ მეშინია“, — განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია Rustavi2-ის გადაცემა „არჩევანში“.
ოპოზიციონერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას სხვაგან წასასვლელიც აქვს, მაგრამ უყვარს უკრაინა.
სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა, როდესაც ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თანამდებობა დაიკავა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირადი ინტერესებისთვის 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გაფლანგვის ფაქტზე. ამჟამად ქვეყნის ექს-პრეზიდენტზე საქართველოში ძებნაა გამოცხადებული.