თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. 2018 წლის მაისიდან საქართველოს რაგბის ახალგაზრდული ნაკრები ახალ ტურნირში იასპარეზებს, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას გუნდები, რომლებიც „ექვსი ერის თასში“ გამოდიან, ნათქვამია „ექვსი ერის თასის“ საბჭოს თავმჯდომარის პეტ უილანის წერილში, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს ნაკრების გარდა, ახალ ტურნირში მონაწილეობას მიიღებს რუმინეთის ნაკრები.
„პატივი მაქვს მოვიწვიო საქართველო და რუმინეთი 6 ერის ეგიდით ორგანიზებული ახალ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად. ტურნირი გაიმართება ყოველწლიურად მაისის თვეში, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ“, — ნათქვამია წერილში.
უილანი ასევე ხაზს უსვამს, რომ ტურნირში „ექვსი ერის“ ნაკრებების მონაწილეობა (ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია, უელსი, იტალია და საფრანგეთი) საქართველოსა და რუმინეთში რაგბის განვითარებაზე დადებითად აისახება.
„20-წლამდელთა ჩემპიონატის წარმატებული კამპანიის დასასრულს მივიღეთ ახალი გამოწვევა! ჯერ არ ვიცით, რა ფორმატით ჩატარდება ეს ტურნირი, მაგრამ უკვე მივიღეთ შეთავაზება, რომ ჩავერთოთ სამუშაო პროცესში“, — განაცხადა პრესკონფერენციაზე საქათველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.
2017 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი U-20 საქართველოში 31 მაისს დაიწყო და 18 ივნისს დასრულდა. ტურნირის გამარჯვებული ახალი ზელანდია გახდა, რომელმაც ფინალში ინგლისს ანგარიშით 64:12 მოუგო.