თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. რაგბის საერთაშორისო საბჭოს (World Rugby) პრეზიდენტმა ბილ ბიუმონტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მთავრობას რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობის წერილი გამოუგზავნა.
ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში საკმაოდ წარმატებულად და მაღალ დონეზე ჩატარდა, ნათქვამია წერილში, რომელიც კვირიკაშვილის Facebook-გვერდზეა გამოქვეყნებული.
World Rugby-ს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისთვის.
მისი სიტყვებით, გუნდების უმეტესობამ დადებითად შეაფასა ტურნირი. გარდა ამისა, ზოგიერთი ნაკრების წარმომადგენელმა დეტალურად და ხაზგასმით აღნიშნა ის სითბო და სტუმართმოყვარეობა, რომელიც ქართველმა გულშემატკივარმა და, ზოგადად, საზოგადოებამ მათ მიმართ თბილისსა და ქუთაისში გამოიჩინა.
„მართალია, ჩვენ არასოდეს გვეპარებოდა ეჭვი, რომ თქვენი მთავრობის დახმარებით World Rugby წარმატებით ჩაატარებდა ამ ჩემპიონატს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ შედეგმა ჩვენს მოლოდინს აშკარად გადააჭარბა, რისთვისაც, World Rugby-ს სახელით, მოგახსენებთ გულწრფელ მადლობას“, — ნათქვამია წერილში.
ბილ ბიუმონტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ამ ჩემპიონატის წარმატებით მასპინძლობის გამოცდილება უდიდეს წვლილს შეიტანს ქვეყანაში რაგბის განვითარებაში და აღნიშნა, რომ World Rugby საქართველოში რაგბის პოპულარიზაციას ყოველმხრივ მხარს დაუჭერს.
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი თბილისსა და ქუთაისში 31 მაისიდან 18 ივნისის ფარგლებში ჩატარდა. ტურნირის გამარჯვებული ახალი ზელანდიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში ინგლისის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 64:12.