მეცხრე სართულიდან გადმოვვარდი, არავის ეგონა თუ გადავრჩებოდი

© ლიკა ჩაჩიბაიას პირადი არქივილიკა ჩაჩიბაია
ლიკა ჩაჩიბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლიკა ჩაჩიბაია 21 წლისაა და ამ მცირე დროის განმავლობაში ცხოვრებაში ბევრი სირთულეების დაძლევა მოუხდა, თუმცა თითოეული დაბრკოლება წარმატებით გადალახა. ლიკამ ხუთი წლის წინ სერიოზული ტრავმა მიიღო, მეცხრე სართულიდან გადმოვარდა. გადარჩენის ძალიან დაბალი შანსი არსებობდა. საბედნიეროდ ლიკა გადარჩა, მაგრამ მარჯვენა ხელი დაკარგა.

იმდენად ძვირფასი იყო ახალგაზრდა გოგონასთვის სიცოცხლე, რომ, როგორც თვითონ ამბობს, დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია ერთი ხელი ექნებოდა თუ ორი. მთავარი იყო, რომ გადარჩა და კვლავ მიეცა შანსი სიცოცხლით დამტკბარიყო.

© Photo: courtesy of Lika Chachibaiaლიკა ჩაჩიბაია
ლიკა ჩაჩიბაია - Sputnik საქართველო
ლიკა ჩაჩიბაია

— ხუთი წლის წინ მეცხრე სართულიდან გადმოვვარდი. არავის ეგონა, თუ გადავრჩებოდი, მაგრამ, საბედნიეროდ, გადავრჩი. გადავრჩი და მეორედ მომეცა სიცოცხლის შანსი. სამი დღე კომაში ვიყავი და სწორედ ამ დროს დამჭირდა ხელის ამპუტაცია. როცა გავიღვიძე, დაბმული ვიყავი, ალბათ ეშინოდათ, ამ ამბავს გავიგებდი და ცუდ დღეში ჩავვარდებოდი. ექიმები ჩურჩულით გადი–გამოდიოდნენ. ვხვდებოდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. პირველი, რაც ვიფიქრე, იყო ის, რომ ალბათ სიარულს ვეღარ შევძლებდი. ფეხები გავამოძრავე, ვიფიქრე, რომ ეს უკვე კარგი იყო. ამის შემდეგ ვიფიქრე, რომ ლაპარაკი აღარ შემიძლია. თავს ძალა დავატანე და ვთქვი, დედა მინდა-მეთქი. ამან იმხელა ბედნიერება მომანიჭა, ენით ვერ აგიწერთ. თავი მარცხენა მხარეს მქონდა დაბმული და ბოლოს ამით მივხვდი, რომ მარჯვენა ხელი აღარ მქონდა…

– ირგვლივ მყოფები, ოჯახის წევრები, მეგობრები როგორ შეხვდნენ ამ ამბავს?

— ოჯახისთვის ძალიან რთული იყო. მე უფრო ადვილად გადავიტანე, ვიდრე მათ. როცა ტრავმა მივიღე, მე-9 კლასიდან ვიყავი გამოსული. გადავწყვიტე სკოლაში დავბრუნებულიყავი და სწავლა გამეგრძელებინა. თუმცა კლასში ყველა ძველებურად არ დამხვდა. თითქოს კლასი ორად გაიყო. ერთი მხარე ყოველთვის ჩემთან იყო, მეორე მხარე კი ყოველთვის ალმაცერად მიყურებდა. მქონდა შემთხვევები, ჟარგონით რომ ვთქვა, „ღადაობდნენ“ ჩემზე. იმდენად უხერხულ და ზოგჯერ დამცინავ შეკითხვებს მაძლევდნენ, რომ ეს ძალიან გამაღიზიანებელი იყო ჩემთვის. მერე მივხვდი, რომ ასეთ ადამიანებს არც უნდა ვეკამათო…

– როცა სახლში გამოგწერეს, როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება?

— არანაირი პანიკა და დეპრესია არ მქონია. ვერ ვიტყვი, რომ დიდი მნიშვნელობა მივანიჭე, ერთი ხელი მექნებოდა თუ ორი. მთავარი იყო, რომ გადავრჩი და კვლავ მომეცა შანსი სიცოცხლით დავმტკბარიყავი.

© FB/ Likuna Chachibaiaლიკა ჩაჩიბაია
ლიკა ჩაჩიბაია - Sputnik საქართველო
ლიკა ჩაჩიბაია

– ამის შემდეგ გადაწყვიტეთ, რომ სპორტით დაკავებულიყავით, რატომ აირჩიეთ ცურვა?

— ერთი წელი და რამდენიმე თვეა, რაც ცურვა დავიწყე. არასდროს მეგონა, თუ მოცურავე გავხდებოდი. თურმე გვიანი არასდროს არ არის იმისთვის, რომ აკეთო შენთვის საყვარელი საქმე. რა თქმა უნდა, ჩემი ტრავმის შემდეგ მქონდა საკუთარ თავთან დარჩენის საშუალება და როცა ეს დღე დადგა, უბრალოდ ჩემ თავს ვუთხარი, რომ არაფერი დამთავრებულა, პირიქით, მაშინ დაიწყო ყველაფერი, როცა სიცოცხლის საშუალება მეორედ მომეცა. ჩემთვის ცურვა ჰობიც არ ყოფილა, უბრალოდ, ერთ დღეს ავდექი და ვთქვი, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ. მართლაც ავდექი და დავუკავშირდი ადამიანს, რომლის დახმარება მჭირდებოდა. თავიდან ცეკვა დავიწყე და საკმაოდ წარმატებით ვიასპარეზე ცეკვაშიც. მინდოდა ხალხს დაენახა, რომ ბარიერებს არ უნდა მივცეთ საშუალება ჩვენზე ძლიერი იყოს. მონაწილეობა მივიღე პროექტ „ნიჭიერში“ და იქიდან დაიწყო ყველაფერი, დიდი წარმატება მოვიდა ჩემ ცხოვრებაში. შემომთავაზეს მესწავლა ცურვა. საკუთარ თავში არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ამას შევძლებდი, მაგრამ მაინც ვცადე. თავიდან ძალიან სასაცილოდ ვცურავდი, არ მეგონა სერიოზული სახე თუ მიეცემოდა ამ ყველაფერს. ცურვის დაწყებიდან რამდენიმე თვეში წავედი პირველ შეჯიბრზე პორტუგალიაში, სადაც ისევ დამჭირდა ბრძოლა საკუთარ თავთან.

© FB/ Likuna Chachibaiaლიკა ჩაჩიბაია
ლიკა ჩაჩიბაია - Sputnik საქართველო
ლიკა ჩაჩიბაია

– როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები სპორტში, რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა პირველად დადექით სტარტზე?

— პირველი ნახტომი და პირველი სტარტზე დგომა ახლაც თვალწინ მიდგას. ძალიან რთული იყო უძლიერეს მოცურავეებს შორის ყოფნა, საქართველოს სახელის წარდგენა ამდენ ქვეყნებს შორის. გამიჭირდა, რა თქმა უნდა. ვერ ვიტყვი, რომ ადვილი იყო, მაგრამ არ გამოვიჩინე სისუსტე და ამ უძლიერეს გოგონებთან ერთად დავდექი სტარტზე და პირველი ნახტომიდან დაიწყო ჩემი ბრძოლა მოცურავის სტატუსით.

– და მალევე მიიღეთ პარალიმპიელი მოცურავის ლიცენზია. ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს თქვენთვის.

— რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ამ შეჯიბრის შემდეგ მაცნობეს, რომ გავხდი „რიო 2016“-ის ლიცენზირებული პარალიმპიელი მოცურავე. ვერ აღვწერ, როგორი ბედნიერი ვიყავი. დავრწმუნდი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და უკან დახევის საშუალება არ მქონდა. გავხდი წარმატებული მოცურავე და ახლა უფრო და უფრო ვძლიერდები, რომ საქართველოს სახელი მეტი ღირსებით წარვადგინო.

ცურვის შემდეგ სავარჯიშოდ მივდივარ, რათა კარგ ფორმაში ვიყო და ამავე დროს ძლიერიც. დღის ბოლოს საშინლად დაღლილი ვარ. მაგრამ როგორც სილამაზე მოითხოვს მსხვერპლს, ასევე წარმატებასაც შრომა სჭირდება. წარმატება თავისით არ მოდის, ჩემ შემთხვევაში გამიმართლა, რომ ასეთი ხალხი შემხვდა – რომლებმაც ჩემთვის ყველაფერი გააკეთეს და მომცეს სტიმული, იმაზე წარმატებული გავხდე, ვიდრე ახლა ვარ.

– რას ეტყვით, რას ურჩევთ იმ ადამიანებს, ვინც ახლა გადის იმ რთულ, გარდამავალ ეტაპს, რაც თქვენ უკვე გადალახეთ?

— ვგრძნობ, რომ ჩემ თავთან ბრძოლა მოვიგე, გავიმარჯვე და, ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი წარმატებაა, რასაც კი შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს. ბედნიერი ვარ და მიხარია სიცოცხლე. ყველას, ყველას ვურჩევდი, რომ არანაირ პრობლემას, არანაირ კომპლექსს არ მისცენ უფლება მათზე ძლიერი იყოს. არ ვიტყვი, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ იმ რთულ ბარიერებს უნდა გავუმკლავდეთ, რაც ცხოვრებამ ჩვენთვის გაიმეტა და დავტკბეთ ამ ცხოვრებით. მე მიხარია სიცოცხლე და ამას ველოდები თქვენგანაც!

– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

— აუცილებლად ოლიმპიური ჩემპიონი უნდა გავხდე! მჯერა, რომ ამას აუცილებლად მივაღწევ და ამაში, რა თქმა უნდა, ჩემი მწვრთნელი გიორგი დამეხმარება!

ყველა ახალი ამბავი
0