თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიას ამიერიდან პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე უხელმძღვანელებს, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უფლებამოსილების გადაცემის ცერემონია ეროვნული გვარდიის. აღნიშნულ თანამდებობაზე ჭუმბურიძემ ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე შეცვალა, რომელიც საქმიანობას უკრაინაში საქართველოს საელჩოში სამხედრო ატაშეს რანგში გააგრძელებს.
„მსურს პოლკოვნიკ ჭუმბურიძეს წარმატებები ვუსურვო. ბატონი ირაკლი ვეტერანია. მას შეიარაღებულ ძალებში მოღვაწეობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ის მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, ასევე არის განათლებული და კვალიფიციური კადრი“, — განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
გენშტაბის უფროსმა მადლობა გადაუხადა ეროვნული გვარდიის ყოფილ ხელმძღვანელს და სამსახურეობრივი საშტატო იარაღით დააჯილდოვა.
უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალის შემდეგ, ეროვნული გვარდიის ყოფილმა და ახალმა უფროსებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის თავდადებულ გვარდიელთა მემორიალი გახსნეს. მემორიალი გვარდიის კაპელანმა მამა მიქაელ (კირკიტაძემ) აკურთხა.
ეროვნული გვარდიის მეთაურად დანიშვნამდე პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე გენერალურ შტაბში J-2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. ის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში (1992-1993 წლებში) მონაწილეობდა. ჭუმბურიძე ავღანეთისა (2014-2015) და ერაყის (2007-2008) სამშვიდობო მისიებშიც იყო ჩართული.
2001 წელს პოლკოვნიკმა ჭუმბურიძემ უკრაინის თავდაცვის ეროვნული აკადემია დაამთავრა.
საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს შეიქმნა. მის საფუძველზე ჩამოყალიბდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების დანარჩენი ნაწილი.