თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ოთარ აბესაძე, რომელიც 3 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დააპატიმრეს, თბილისის მერიის შტატგარეშე თანამშრომელი იყო, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აბესაძე ქრთამის აღების ფაქტზე 11 ივლისს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ჩინოვნიკმა 3 ათასი აშშ დოლარი საქართველოს მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე ტივზე არსებული კაფეს და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით აღებაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა.
„თბილისის მერია ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ მერიის შტატგარეშე თანამშრომლის დაკავების ფაქტს. გვსურს მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ დედაქალაქის ხელისუფლება რეაგირების გარეშე არ დატოვებს დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებს დაუფლებამოსილებისა და შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან“, — ნათქვამია განცხადებაში.
როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, დედაქალაქის მთავრობა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან კორუფციისა და უკანონო მოქმედებების წინააღმდეგ ბრძოლას ახორციელებს.
„მოვუწოდებთ თბილისის მერიის სხვადასხვა სტრუქტურებში დასაქმებული თითოეულ თანამშრომელს ბოროტად არ გამოიყენონ დაკავებული თანამდებობები და უწყების სახელი, ასევე არ შებღალონ მერიის სტრუქტურებში მომუშავე საჯარო პირების პატივი და ღირსება“, — აცხადებენ მერიაში.
აბესაძე აღნიშნულ მომენტში წინასწარიდ აკავების იზოლატორშია მოთავსებული. მისთვის ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ.
გამოძიება მიმდინარეობს ქრთამის აღების ფაქტზე, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.