თბილისი, 11 ივლისის — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ბოლო განცხადება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს სწორი გეოპოლიტიკური კურსი აირჩია, განუცხადა ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ.
ორშაბათს ლავროვმა განაცხადა, რომ ამიერკავკასიის რეგიონში არასტაბილურობა ნარჩუნდება, რასაც ხელს უწყობს საქართველოს მცდელობები გამაგრდეს ნატოში, ხოლო ალიანსის გავლით — რეგიონში.
„ლავროვის ბოლო განცხადება კიდევ ერთხელ მარწმუნებს, ჩვენი კურსის, ჩვენი ქმედებების თანმიმდევრულობაში, სისწორეში. ჩვენ სწორ გზას ვადგავართ. თუმცა, ძალიან ცუდია და ძალიან გულდასაწყვეტია ის, რომ ჩვენი კონსტრუქციული, სწორი, თანმიმდევრული და ინტეგრაციის პარალელურად, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ლავროვი მაინც ამ სიტყვებით გველაპარაკება და ასეთ განცხადებებს აკეთებს“, — განაცხადა დოლიძემ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა.
ამჟამად ქვეყნებს შორის ურთიერთობები ჟენევის დისკუსიებისა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული.
ჟენევის დისკუსიები საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი ფორმატია. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ აშშ-ის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.
საქართველო-ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ წევრი გახდა. 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა.
2008 წლის აპრილში ბუქარესტში გამართულ ნატოს წევრი ქვეყნების სამიტზე დადასტურდა, რომ ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობის შემთხვევაში საქართველო მომავალში ნატოს წევრი გახდება. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის“ სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა.