კალაძის შემცვლელი უახლოეს დღეებში დასახელდება

გამოწერა
ჯერჯერობით არც ენერგეტიკის ახალი მინისტრი, არც მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნული არ არის.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ენერგეტიკის ახალ მინისტრს უახლოეს დღეებში წარადგენს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

კახი კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის პოსტი ივლისის დასაწყისში დატოვა, რადგან მმართველი პარტიის „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" სახელით თბილისის მერის პოსტზე კენჭისყრას აპირებს. ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები ოქტომბერში გაიმართება.

„ამჟამად აქტიური კონსულტაციები ტარდება, პრემიერი მთავრობის ახალ წევრს უახლოეს დღეებში დაასახელებს", — განაცხადა მთავრობის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძემ ცხოვრების ახალი ეტაპის შესახებ განაცხადა

თუმცა, ჯერჯერობით დანიშნული არ არის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიც. უწყებაში მინისტრის სამი მოადგილეა – მარიამ ვალიშვილი, ირაკლი ხმალაძე და ილია ელოშვილი.

კახი კალაძემ პოლიტიკური კარიერა 2012 წელს დაიწყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ „ქართულ ოცნებას" შეუერთდა. 2012 წელს ის პარლამენტის დეპუტატი გახდა, რამდენიმე თვეში კი ენერგეტიკის მინისტრი.

განათლებით კალაძე ისტორიკოსია, თუმცა სახელი მან თავისი საფეხბურთო კარიერით გაითქვა. 1993-2012 წლებში ის თამაშობდა თბილისის „დინამოში", კიევის „დინამოში", იტალიაში – „მილანსა" და „ჯენოაში". ის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ოთხჯერ დასახელდა.

2007 წელს კალაძემ საინვესტიციო ჯგუფი „კალა კაპიტალი" დააარსა, შემდეგ კი „პროგრესბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და დამფუძნებელი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0