თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ თანამდებობიდან გადადგომისა და ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისის შესახებ განაცხადა.
გასულ კვირაში მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა. თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ოქტომბერში გაიმართება.
„მე დღეს ვტოვებ თანამდებობას, ჩემთვის ძალიან მნიშვნელობანი ეტაპი იწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერობის კანდიდატად წარმადგინა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რა თქმა უნდა, არჩევის შემთხვევაში, რომ თბილისი წარმატებული იყოს", — განაცხადა კალაძემ.
კალაძემ ხუთშაბათს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე ოთხწლიანი საქმიანობა შეაჯამა. ის ასევე არის ვიცე-პრემიერი და „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი.
„როდესაც ენერგეტიკის მინისტრად დავინიშნე, ძალიან ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებდა ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, მე არ მეთაკილება ამაზე საუბარი და ღიად ვამბობ, დავიწყე ძალიან ბევრი მუშაობა საკუთარ თავზე საკუთარ გუნდთან ერთად და ჩვენ შევძელით ის, რაც შევძელით და შედეგი სახეზეა", — აღნიშნა კალაძემ.
მან ენერგეტიკის სამინისტროში თავის გუნდს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
კალაძემ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ წარმატების მისაღწევად დიდი შრომა გასწია.
„როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი, ძალიან მინდოდა გამოვსულიყავი მაგარი ფეხბურთელი და მეთამაშა მაგარ გუნდში. ერთ დღეს მითხრეს, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა და მითხრეს, რომ წავსულიყავი სახლში. ეს სიტყვები ძალიან მძიმე იყო ჩემთვის და შინ ატირებული დავბრუნდი. თუმცა თავი არ დამიხრია. როცა რაღაცის გულით გჯერა და შრომა არ გეზარება, ყველაფერი არის შესაძლებელი. და ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ენერგეტიკის დარგში, ეს არის იმ დაუღალავი, იმ ერთობის შედეგი, რაც ამ წლების განმავლობაში იყო ენერგეტიკის დარგში", — განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძემ პოლიტიკური კარიერა 2012 წელს დაიწყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ „ქართულ ოცნებას" შეუერთდა. 2012 წელს ის პარლამენტის დეპუტატი გახდა, რამდენიმე თვეში კი ენერგეტიკის მინისტრი.
განათლებით კალაძე ისტორიკოსია, თუმცა სახელი მან თავისი საფეხბურთო კარიერით გაითქვა. 1993-2012 წლებში ის თამაშობდა თბილისის „დინამოში", კიევის „დინამოში", იტალიაში – „მილანსა" და „ჯენოაში“. ის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ოთხჯერ დასახელდა.
2007 წელს კალაძემ საინვესტიციო ჯგუფი „კალა კაპიტალი" დააარსა, შემდეგ კი „პროგრესბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და დამფუძნებელი იყო.