მთავრობის ბოლო სხდომა, ანუ მადლობა კალაძეს

გამოწერა
კახა კალაძე მალე დატოვებს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას, რადგან კენჭს იყრის თბილისის მერის პოსტზე.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე თითქმის ხუთი წლის განმავლობაში ნაყოფიერი მუშაობისთვის კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა.

გასულ კვირაში პრემიერმა თბილისის მერის პოსტზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატად კალაძე წარადგინა. არსებული კანონით, არჩევნებამდე, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში ჩატარდება, კალაძემ დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.

„დღეს კახისთვის მინისტრის ამპლუაში ბოლო მთავრობის სხდომაა და მინდა მას გადავუხადო დიდი მადლობა. კახის მინისტრობის პერიოდში განხორციელდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი — ეს არის ჯამში 1,2 მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია; აშენდა 18 ჰიდრო-, 2 თბო- და 1 ქარის ელექტროსადგური, იგეგმება მზის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობა", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ამასთან პრემიერმა, რომელიც ასევე "ქართული ოცნების" თავმჯდომარეა, არჩევნებზე კალაძის გამარჯვების იმედი გამოთქვა.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: თბილისს ძირეული ცვლილებები სჭირდება

„ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახი კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს, ის აუცილებლად მოიგებს არჩევნებს და ძალიან ბევრს გააკეთებს ჩვენი დედაქალაქისთვის", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

კახა კალაძემ პოლიტიკური კარიერა 2012 წელს დაიწყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ „ქართულ ოცნებას" შეუერთდა. 2012 წელს ის პარლამენტის დეპუტატი გახდა, რამდენიმე თვეში კი ენერგეტიკის მინისტრი.

განათლებით კალაძე ისტორიკოსია, თუმცა სახელი მან თავისი საფეხბურთო კარიერით გაითქვა. 1993-2012 წლებში ის თამაშობდა თბილისის „დინამოში", კიევის „დინამოში", იტალიაში – „მილანსა" და „ჯენოაში“. ის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ოთხჯერ დასახელდა.

2007 წელს კალაძემ საინვესტიციო ჯგუფი „კალა კაპიტალი" დააარსა, შემდეგ კი „პროგრეს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და დამფუძნებელი იყო.

თბილისის მერის არჩევნებზე კალაძეს კონკურენციას გაუწევენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ტელეარხ „რუსთავი 2"-ის ყოფილი ტელეწამყვანი და გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი და პარტია „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" დეპუტატი ელენე ხოშტარია.

ყველა ახალი ამბავი
0