ირაკლი კობაურის ხელნაკეთი სანათები – „გართობა“, რომელიც ბიზნესად იქცა

გამოწერა
ეს უჩვეულო სანათები ეგზოტიკური ხილისგან იქმნება. ადამიანის უსაზღვრო ფანტაზიის წყალობით შეგიძლიათ თქვენი ინტერიერი ორიგინალური და მიმზიდველი გახადოთ.

ირაკლი კობაური საზოგადოებრივ მაუწყებელში „მოამბის“ ტექნიკურ განყოფილებაში მუშაობს. ხელნაკეთ ნივთებს დიდი ხანია ქმნის, თუმცა ქოქოსისგან ხელნაკეთი სანათების შექმნა სულ ახლახან დაიწყო. იდეის დაბადება გასასინჯად ნაყიდი ქოქოსის ქერქმა განაპირობა. ირაკლის თქმით, ერთ დღეს ქოქოსის ქერქით „გართობა“ გადაწყვიტა. იმდენად საინტერესო ნივთი გამოუვიდა, რომ ჰობი შემდეგში მცირე ბიზნესად აქცია.

© FB/ ხელნაკეთი სანათები COCOnutხელნაკეთი სანათი
ხელნაკეთი სანათი - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი სანათი

– როგორ მოვიდა იდეა, რომ ხელნაკეთი სანათები შეგექმნათ?

— იდეა ძალიან მოულოდნელად დაიბადა. მოკლედ რომ გითხრათ, სახლის აივანზე დაწყებული უბრალო ჰობი, ასე ვთქვათ, „ჩხირკედელაობა“ კომერციულ საქმიანობად ვაქციე. ერთხელ, როდესაც მე და ჩემი მეუღლე სამსახურიდან ვბრუნდებოდით, მაღაზიაში შევიარეთ და ქოქოსი ვიყიდეთ. რამდენიმე დღეში წავედი სოფელში და ეს ქოქოსიც წავიღე, ვიფიქრე, სასანთლეს გავაკეთებ, გავერთობი–მეთქი. როცა სასანთლის ფოტო გამოვუგზავნე ჩემ მეუღლეს, ძალიან მოეწონა. სახლის ინტერიერსაც ძალიან მოუხდა. როცა თბილისში ჩამოვედი, გადავწყვიტე მეორე სასანთლე გამეკეთებინა. მოკლედ, ესეც ძალიან ორიგინალური ნივთი გამოვიდა. შემდეგ ვიფიქრე მეცადა სანათის გაკეთება უფრო მკაფიო განათებისთვის და ესეც ძალიან მოგვეწონა. როცა დრო მრჩებოდა, ამ ყველაფერს სახლის აივანზე ვაკეთებდი. ეს უბრალოდ გართობა იყო. შემდეგ შევიძინე საჭირო ხელსაწყოები და გავაკეთე სხვადასხვა სტილის რამდენიმე სანათი. როცა მეგობრებს ვაჩვენეთ, ყველას ძალიან მოეწონა და აქედან წამოვიდა იდეა, რომ ხელნაკეთი სანათები უკვე სარეალიზაციოდაც საინტერესო იქნებოდა. ყოველთვის დაინტერსებული ვიყავი ხელნაკეთი ნივთების დამზადებით, სახლისთვის ვამზადებდი სხვადასხვა ნივთებს. თვითნასწავლი ვარ, ამ მიმართულებით კურსები არ გამივლია. 

© FB/ ხელნაკეთი სანათები COCOnutხელნაკეთი სანათი
ხელნაკეთი სანათი - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი სანათი

– სულ ქოქოსით ქმნით სანათებს და რატომ შეაჩერეთ არჩევანი ამ მასალაზე? 

— სანათები იქმნება ქოქოსით, დამატებით მასალად ვიყენებ ხეს. საქართველოში ბევრი ხელნაკეთი ნივთი იქმნება და საკმაოდ კარგებიც. ბევრ მათგანს თავისებური ინდივიდუალიზმი ახასიათებს, ჩემ ნამუშევრებს კი გამოარჩევს ის, რომ არის ქოქოსისგან დამზადებული სანათები, რაც ინოვაციაა და პირველია საქართველოში. მოგვიანებით ინტერნეტში აღმოვაჩინე ქოქოსისგან დამზადებული სხვადასხვა ნივთები, რომლებიც მხოლოდ საღვარგარეთ იყიდება, იქ აქტიურად იყენებენ ქოქოსს, ჩვენთან ჯერ არავის გაუკეთებია, ყოველ შემთხვევაში, მე არ შემხვედრია.

– როგორი სტილის ინტერიერზეა გათვლილი თქვენი სანათები, რამდენად მიმზიდველი და საინტერესოა იგი ინტერიერში?

— ასე კონკრეტულად გამიზნული არ მქონია, თუ როგორი სტილის დიზაინს მოვარგებდი ჩემ სანათებს. ალბათ გემოვნების საკითხია, ნებისმიერ სტილში შეიძლება ჩაჯდეს. მაგრამ უფრო საძინებლისთვის არის განკუთვნილი, რადგან მყუდრო ნათება აქვს და ქმნის რომანტიკულ გარემოს. ასევე, ვფიქრობ, საინტერესო ნივთი უნდა იყოს სპა–სალონებისთვის, სასტუმროს ნომრებისთვის, რადგან საკმაოდ ორიგინალური და მყუდრო ნათება აქვს. ორიგინალური საჩუქარია განსაკუთრებით ქალბატონებისთვის. 

© FB/ ხელნაკეთი სანათები COCOnutხელნაკეთი სანათი
ხელნაკეთი სანათი - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი სანათი

– როგორ მიიღო საზოგადოებამ ეს ყველაფერი და რამდენად წარმატებული გამოდგა თქვენი ჩანაფიქრი?

— იქიდან გამომდინარე, რომ სულ ცოტა ხანია, რაც დავიწყე ეს საქმიანობა, ჯერ ყველაფერი წინ არის. თან ჩემი ძირითადი საქმე ჩემი სამსახურია, გრაფიკიც საკმაოდ დატვირთული მაქვს. მხოლოდ მაშინ ვმუშაობ სანათებზე, როცა თავისუფალი დრო მაქვს. ქოქოსის კაკლის დამუშავებას დიდი დრო სჭირდება და საკმაოდ საფრთხილოა, ადვილად შეიძლება გატყდეს, ამიტომ ერთ ნივთს მინიმუმ ერთი სრული დღე სჭირდება. ჯერჯერობით იმ რაოდენობით არ დამიმზადებია, რომ აქტიურ რეალიზაციას მივყო ხელი. არც მაღაზიებისთვის მიმიმართავს. არ ვჩქარობ რეალიზაციას, მინდა დავაგროვო მეტი ნამუშევარი. ახლახან გავაკეთეთ „ფეისბუქ“-გვერდი და აქედან გადავწყვიტეთ ნივთების პოპულარიზაცია და ონლაინ-გაყიდვა. საკმაო გამოხმაურება აქვს სოციალურ ქსელში და სხვა გზებზე ჯერ არ მიფიქრია. არ მინდა მოთხოვნამ გადააჭარბოს მიწოდებას, ეს ჩვენ რეპუტაციაზე ცუდად აისახება. რაც შეეხება მომხმარებლის გამოხმაურებას, ძალიან მოსწონთ და ბევრი მომხმარებლის შეტყობინება მოგვდის.

© FB/ ხელნაკეთი სანათები COCOnutხელნაკეთი სანათი
ხელნაკეთი სანათი - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი სანათი

- თითოეული ნივთის დიზაინი ვის ეკუთვნის?

— ნივთების დიზაინი მე და ჩემ მეუღლეს გვეკუთვნის. ვუზიარებთ ერთმანეთს იდეებს და ამის მიხედვით იქმნება საბოლოო მოდელი. სახელიც ერთად შევურჩიეთ ჩემს ნამუშევრებს – COCOnut.

– ხომ არ გეგმავთ, რომ თქვენი ხელოვნება უფრო მრავალფეროვანი გახადოთ?

— იქიდან გამომდინარე, რომ ამ საქმიანობას საკმარის დროს ვერ ვუთმობ, ჯერჯერობით მხოლოდ სანათების დამზადებას ვფიქრობ. ყველა სანათი იქნება განსხვავებული დიზაინის, ანუ ადამიანს, რომელიც შეიძენს COCOnut-ის სანათს, ეცოდინება, რომ ის ერთადერთი ეგზემპლარია და სხვა ანალოგი არ აქვს. ასევე ვიმუშავებ შეკვეთებზე. ცოტა შორეული გეგმაა, მაგრამ სამომავლოდ ვგეგმავ კიდევ უფრო მეტი დრო დავუთმო ამ საქმიანობას, დავიმატო დამხმარე ხელოსნები და პოპულარულ და მზარდ ბიზნესად ვაქციო ჩემი ჰობი.

ყველა ახალი ამბავი
0