თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან მოლაპარაკებების წყალობით რუსეთში შპიონაჟის ბრალდებით გასამართლებული საქართველოს ყველა მოქალაქის სამშობლოში დაბრუნება მოხერხდა.
ამჟამად ქვეყნებს შორის ურთიერთობები ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძე–კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული. აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები, ტრადიციულად, პრაღაში იმართება და მხოლოდ ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხების განხილვას ითვალისწინებს.
"ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი რვა მოქალაქე, რომლებიც შპიონაჟის ბრალდებით რუსეთში მრავალწლიან სასჯელს იხდიდნენ. ისინი უკვე საქართველოში არიან, დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. მათ რუსეთის ციხეებში კიდევ რამდენიმე წელი პატიმრობა ელოდათ", — განაცხადა აბაშიძემ ბრიფინგზე.
საქართველოს სასარგებლოდ შპიონაჟის ბრალდებით სასჯელს რუსეთის რამდენიმე მოქალაქეც იხდის, აღნიშნა აბაშიძემ.
ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან, ამიტომ ამ მოქალაქეების რუსეთიდან საქართველოში გადმოცემის საკითხს არ ვაყენებთ. საუბარია იმაზე, რომ, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ისინი ვადაზე ადრე გაათავისუფლონ", — განაცხადა მან.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა.
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია რუსეთთან ურთიერთობები მოგვარება; ამასთან საქართველო განაგრძობს პროდასავლურ კურსს.