თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ვარშავაში მიმდინარე ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირზე "ციოლკოვსკის მემორიალი" ქართველმა ფალავნებმა სამი ოქროსა და შვიდი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
განსაკუთრებით წარმატებულად თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა იასპარეზეს. პოლონეთის ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (-61 კგ) და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ზურაბ იაკობაშვილი (-70 კგ).
თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ ბექა ლომთაძე (-61 კგ), ავთანდილ კენჭაძე (-74 კგ), დავით ხუციშვილი (-86 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (-97 კგ) და გიორგი მეშვილდიშვილი (-125 კგ).
რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს, ოქროს მედალი ლევან არაბულმა მოიპოვა (-130 კგ). ბრინჯაოს ჯილდოები დაიმსახურეს შმაგი ბოლქვაძემ (-71 კგ) და რობერტ ქობლიაშვილმა (-85 კგ).
პოლონეთის ტურნირი გახდა ერთ-ერთი მოსამზადებელი ეტაპი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც პარიზში მიმდინარე წელს 21-26 აგვისტოს გაიმართება.