თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლების ნინო ნიქაბაძისა და კობა კაპანაძის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ სუს-ი ოპოზიციონერი დეპუტატების თვალთვალს გეგმავდა, აბსურდულია, იუწყება სააგენტო Новости-Грузия უწყების წარმომადგენელზე დაყრდნობით.
კვირას ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სუს-ის ხელმძღვანელობა ნიქაბაძესა და კაპანაძეს თვითმმართველობის არჩევნების წინ სპეცჯგუფში გაწევრიანებას სთავაზობდა, რომელიც ოპონენტების დისკრედიტაციაზე მუშაობს.
„მათი ბრალდებები პოლიტიკური ოპონენტების დევნასთან დაკავშირებით სრული აბსურდია, მსგავსი დავალება სუს-ის ხელმძღვანელობისგან არ გაცემულა და არც მომავალში გაიცემა. სუს-ის მოღვაწეობა მოქმედი კანონმდებლობით მკაცრადაა განსაზღვრული“, — ციტირებს სააგენტო უწყების თანამშრომლის სიტყვებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ნიქაბაძე და კაპანაძე უწყების ანალიტიკურ დეპარტამენტში მუშაობდნენ და მათ ფუნქციაში მასმედიასა და სხვა ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციების მონიტორინგი შედიოდა. ნიქაბაძე სამსახურიდან მარტში, კაპანაძე კი მაისში გათავისუფლდა.
Rustavi2-თან ინტერვიუში ნიქაბაძემ ასევე აღნიშნა, რომ ის სუს-ის უფროსის ვახტანგ გომელაურის ნათესავია, რომელმაც მას უწყებაში სამსახური დააწყებინა. მისი მამამთილი გომელაურის ცოლის ძმაა.
ნიქაბაძის დედამთილ-მამამთილი, ნიქაბაძის სიტყვებით, იმ კომპანიის მფლობელები არიან, რომელმაც უწყებაში გამოცხადებულ სხვადასხვა ტენდერებში გაიმარჯვა. თუმცა თავად ნიქაბაძის დედამთილი ირმა პატარაია ტენდერებში მონაწილეობას უარყოფს.
Rustavi2-თან საუბრისას ნიქაბაძემ განმარტა, რომ სპეცსამსახურების მხრიდან ზეწოლას ვერ გაუძლო და თავის ყოფილ თანამშრომელთან კობა კაპანაძესთან ერთად ქვეყანა დატოვა. უსაფრთხოების მიზნით ისინი საკუთარ ადგილსამყოფელს არ ამხელენ.
ამასთანავე ნიქაბაძე ამტკიცებს, რომ მას მეუღლე ფიზიკურად უსწორდებოდა.
„ის თავად ადგა და გაიქცა. მე სხვა არაფერი ვიცი… არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. ეს არაფერ შუაშია. სხვებს ჰკითხეთ“, — განაცხადა ნიქაბაძის მეუღლემ ზურაბ გიორგაძემ Rustavi2-თან ინტერვიუში.
ასეთივე მოსაზრებისაა ნიქაბაძის ძმაც — ვეფხვია ნიქაბაძე.
„ჩემმა დამ მცირეწლოვანი შვილები, ქმარი დატოვა და ვიღაც საეჭვო პირთან ერთად სხვა ქვეყანაში გაიქცა. ჩემი და ახლა ასეთი საუბრებით ცდილობს თავისი არასწორი საქციელის გამოსწორებას და ვიღაც მას ასეთ სულელურ რაღაცეებს კარნახობს“, — განაცხადა ვეფხვია ნიქაბაძემ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება.