თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს–ი) უფროსმა ვახტანგ გომელაურმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ "ფარული თვალთვალის" ახალი სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე თავისი მოადგილის, ალექსანდრე ტაბატაძის კანდიდატურა განიხილება.
ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტო საკანონმდებლო შესწორებების საფუძველზე შექმნეს, რომელიც პარლამენტის უმრავლესობამ პრეზიდენტისა და ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად მიიღო. სიახლე 30 მარტს ამოქმედდა. სააგენტოს უფროსის დანიშვნა პრემიერ–მინისტრის პრეროგატივაა, კანდიდატი კი სპეციალურმა კომისიამ უნდა შეარჩიოს, რომელსაც სუს–ის უფროსი ხელმძღვანელობს.
"ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ვინ იქნება ახალი სააგენტოს უფროსი. სამი კანდიდატურა უნდა შევარჩიოთ, შემდეგ კომისიამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება ის ერთი პირი, რომელიც სააგენტოს უხელმძღვანელებს, შემდეგ წარედგინება პრემიერს. ჯერ გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული, პირდაპირ გეტყვით ალეკო ტაბატაძე არ მოიაზრება ამ თანამდებობაზე. რა თქმა უნდა, მონახაზში არის რამდენიმე ადამიანი, მაგრამ ჯერ ვერ დავასახელებ გვარებს. ჩემი არც ერთი მოადგილე არ იქნება", – განუცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს.
ახალი კანონის მიღებას წინ უძღოდა საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოქალაქეების თვალთვალი აუკრძალა. შედეგად, ხელისუფლებამ ახალი უწყების — ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნა გადაწყვეტა. მაგრამ იმ ფაქტმა, რომ სააგენტო ისევ სუს-თან იფუნქციონირებს, არასამთავრობო ორგანიზაციების უკმაყოფილება გამოიწვია.
ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეიტანეს სარჩელი, რომ ახალი შესწორებები არაკონსტიტუციურად ცნონ. მათ ასევე შეაგროვეს 300 სარჩელი იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც საქართველოში ფარული მოსმენების ახალი წესებით არიან უკმაყოფილო. მათ კვალდაკვალ სარჩელს ამზადებს სახალხო დამცველის აპარატიც.