თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას მისი ოჯახის წევრები და ახლობლები ექიმებს აბრალებენ და მათ პროფესიულ გულგრილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi2).
ამასთან დაკავშირებით 34 წლის გარდაცვლილი ქალის ოჯახმა აქცია გამართა ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს წინ.
აქციის მონაწილეების თქმით, გარდაცვლილმა ორი თვის წინ, ჭარბწონიანობის გამო, კუჭზე ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა გაუარესდა.
დაღუპულის ოჯახის წევრების ვარაუდით, ექიმებმა პაციენტს ოპერაციისას საყლაპავი მილი დაუზიანეს და დრენაჟიც არასწორად ჩაუდგეს.
ნათესავ-ახლობლების განცხადებით, უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი ბოლო რამდენიმე დღე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. გარდა ამისა, ექიმებს მისთვის არც დიაგნოზი დაუსვამთ.
„ჩვენ ზუსტი დიაგნოზი არ ვიცით… ყველა ექიმი გვემალება და როცა ველაპარაკებოდით ექიმს, ყველა ექიმი სხვადასხვანაირად ლაპარაკობდა“, _ განაცხადა ტელეკომპანიასთან საუბრისას გარდაცვლილის ახლობელმა მილენა ვაწაევამ.
შესაბამისად, ოჯახის წევრების თქმით, მათ ორჯერ სცადეს ქალის თბილისში გადაყვანა, მაგრამ ორივე მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.
მათივე განცხადებით, პაციენტთან არც მოწვეულ ექიმს უშვებდნენ.
აქციის მონაწილეები აჭარის ჯანდაცვის მინისტრს საკითხით დაინტერესებასა და ქირურგ ზურაბ ჩიხლაძის პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ.