თბილისი, 8 ივლისი-Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 9-10 ივლისს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა, სადაც „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
პროექტი „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ ევროსაბჭოსა და ექვსი ქვეყნის-აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ არის მიმართული. ამათგან ბოლო სამმა 2014 წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მეცხრე არაფორმალურ შეხვედრაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალჩინოსნები, ასევე ევროკომისარი გაფართოებისა და კეთილმეზობლობის საკითხებში იოჰანეს ჰანი, ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კადრი სიმსონი და ევროპის საგარეო პოლიტიკური სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჟან კრისტოფ ბელიარი.
შეხვედრის მთავარი თემა იქნება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტი, რომელიც 24 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების მეთაური შეხვდება მოლდოვის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრ ანდრეი გალბურს, რის შემდეგაც ხელს მოაწერენ საფოსტო მარკას, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25-ე წლისთავს მიეძღვნება.
ჯანელიძე ასევე შეხვდება მოლდოვის პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპს და პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიან კანდუს.
საქართველომ და მოლდოვამ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს 1992 წლის 25 ივნისს. ქვეყნები ბევრი მიმართულებით თანამშრომლობენ და უკვე 19 ხელშეკრულებაა ხელმოწერილი. ამასთან ერთად ორ ქვეყანას შორის მოქმედებს შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობის თაობაზე.