საქართველოს მთებში დაკარგული ტურისტები იპოვეს: მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია

© photo: Sputnikწვიმა მთებში
წვიმა მთებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მაღალმთიანეთში სამაშველო ოპერაციას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები შეუერთდნენ.

თბილისი, 8 ივლისი- Sputnik. მაშველები ადგილობრივი მოსახლეობისა  და ტურისტების გადასარჩენად, ერთდროულად ორი მიმართულებით ახორციელებენ სამაშველო ოპერაციებს ვერტმფრენების მეშვეობით, — ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ორი დღის წინ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდა. ძლიერმა წვიმების შედეგად ზოგან ჩამოწვა მეწყერი, ზოგი რეგიონი დაიტბორა, ტემპერატურამ 10-20 გრადუსით დაიწია. აქამდე საქართველოში სიცხე 40 გრადუსს აღწევდა. შაბათიდან ამინდი გამოკეთდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მაშველებმა შატილიდან თბილისში რუსთავის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩამოიყვანეს. უგზოობისა და უამინდობის გამო, ექსკურსიაზე მყოფი 15 ბავშვი, 2 მასწავლებელთან და 2 მშობელთან ერთად, ხევსურეთიდან უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი დღეს შატილის მიმართულებით რამდენიმე რეისს განახორციელებს და ადგილზე დარჩენილ ტურისტებსა და მოსახლეობას უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანს.

პარალელურად, შსს-ს მაშველები დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის ხეობაში მყოფი 5 უცხოელი ტურისტის სამაშველო ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ.

დუშეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა განსაცდელში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან კომუნიკაციის დამყარება მოახერხა, დადგინდა მათი ადგილსამყოფელის ზუსტი კოორდინატები.

უამინდობისა და მდინარე გუროსჭალის ადიდების გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია და სამაშველო ოპერაცია ქვეითად მიმდინარეობს.

მანქანები ძლიერი წვიმისას - Sputnik საქართველო
დასავლეთ საქართველოში წვიმისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე, სამაშველო ოპერაციაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

ამ წუთებში, ერთობლივი ძალისხმევით, მიმდინარეობს ტურისტების გამოყვანა შატილის მიმდებარე ტერიტორიიდან.“-ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ოპერატიული მართვის ცენტრში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ დატბორვის ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით, სულ 17 შეტყობინება დაფიქსირდა.

სამწუხაროდ არის მსხვერპლიც. მარტვილში, (სამეგრელო-ზემო სვანეთის  რეგიონი) ადიდებულ მდინარე აბაშისწყალში, 65 წლის მამაკაცი მსხვილფეხა პირუტყვის გამოსაყვანად შევიდა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18 საათსა და 50 წუთზე უკვე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. უბედური შემთხვევიდან ზუსტად 6 წუთში შსს-ს მაშველებმა და მყვინთავებმა მამაკაცის ცხედარი 10 მეტრის სიღრმიდან ამოიტანეს. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.


ყველა ახალი ამბავი
0