თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის ხელისფლება რეგიონისთვის ძლიერი წვიმით მიყენებულ ზარალს ითვლის, აცნობეს Sputnik-საქართველოს კორესპონდენტს ჯემალ ღამბაშიძეს რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.
ძლიერმა წვიმამ ძირითადად ხობის რაიონისა სოფლები: ჭალადიდი, ხამისყური, ხეთა და პირველი მაისი დააზარალა, სადაც წყალმა შენობების პირველი სართულები დატბორა.
უამინდობის გამო ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი სოფელ ხამისყურთან რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გაჩერებული, ვინაიდან ლიანდაგი მთლიანად წყლით იყო დაფარული.
„ახლა უკვე გამოიდარა და მოყენებულ ზარალს ვითვლით“, — განაცხადეს ადმინისტრაციაში.
სულ საგანგებო სამსახურში პარასკევს 17 შეტყობინება შევიდა დატბორვით გამოწვეული პრობლემების თაობაზე.
სამწუხაროდ, სტიქიას მსხვერპლიც მოჰყვა. სოფელ მარტვილში 65 წლის მამაკაცი დაიღუპა, რომელიც ადიდებულ მდინარე აბაშისწყალში საქონლის გამოსარეკად შევიდა. მაშველები ადგილზე ორიოდე წუთში გამოცხადდნენ, მაგრამ მამაკაცის გადარჩენა არ მოესწრო. მისი ცხედარი 10 მ სიღრმეზე იპოვეს.
ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
ორი დღის წინ ამინდი საქართველოში მკვეთრად გაუარესდა — დაიწყო ძლიერი წვიმა, ხოლო ტემპერატურა 10-20 გრადუსამდე დაეცა.