თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. საქართველოს შსს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ტალინში გამართულ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, იუწყება შსს-ის პრესსამსახური.
მინისტერიალზე განიხილეს სამართალდაცვით სფეროში განხორციელებული რეფორმების, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მიგრაციისა და საზღვრის მართვის საკითხები.
ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანდრეს ანველტმა მისასალმებელ გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ევროკავშირთან თანამშრომლობის თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდნენ“.
მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხების ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა კი აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაცია საქართველოსა და უკრაინის ნაყოფიერი მუშაობის შედეგია.
მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილიც.
„შენგენის სივრცის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება ჩვენთვის არის როგორც დიდი მიღწევა, ასევე, დიდი გამოწვევა. ქართული მხარე სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ევროკავშირის მხრიდან გამოცხადებული ნდობას“ —განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა.
გიორგი მღებრიშვილმა ასევე ისაუბრა იმ გამოწვევის შესახებ, რომლის წინაშეც ახლა მთელი მსოფლიო დგას და აღნიშნა, რომ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე საპოლიციო თანამშრომლობის პროექტი მაღალ შეფასებას იმსახურებს.
მინისტრის თქმით, საქართველოს სამართალდამცავი უწყებები მომავალშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში განხორციელებულ პროექტებში.
მინისტერიალზე დადებითად შეფასდა საქართველოს დელეგაციის ინიციატივა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში იუსტიციის რეფორმის ყოველწლიური კონფერენციის ჩატარებასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული ქსელის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების წლევანდელი შეხვედრა რიგით მეოთხეა. პირველად მინისტერიალს 2013 წელს ლუქსემბურგმა უმასპინძლა.