თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ვიზიტით ესტონეთში გაემგზავრა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მღებრიშვილი ტალინში ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
„ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომელიც საქართველოს საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს და მოგვცემს შესაძლებლობას ამ კუთხით კიდევ უფრო მეტი გეგმა დავსახოთ“, — განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მინისტერიალზე დაგეგმილია სამართალდაცვით სფეროში განხორციელებული რეფორმების, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მიგრაციისა და საზღვრის მართვის საკითხების განხილვა.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი მღებრიშვილი პირისპირ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის 7 წევრი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებთან.