თბილისი, 12 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტალინში გამართულ პრესკონფერენციაზე ახალგაზრდობის პერიოდში ესტონეთში ცხოვრების შესახებ ისაუბრა.
კვირიკაშვილი ტალინში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მან უკვე გამართა შეხვედრები პრემიერ-მინისტრ იური რატასთან და ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდთან და პარლამენტის თავმჯდომარე ეიკი ნესტორთან. შეხვედრაზე ძირითადი თემები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და ორმხრივი ურთიერთობები იყო.
„პრემიერ-მინისტრის რანგში ეს ჩემი პირველი ვიზიტია, მაგრამ მანამდე თქვენს ქვეყანაში არაერთხელ ვყოფილვარ. ესტონეთში პირველად 31 წლის წინ ჩამოვედი, როდესაც საბჭოთა ჯარში ვმსახურობდი. აქ სამი წელი გავატარე და ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა იმ სულისკვეთებამ, რომელიც ქართველებს და ესტონელებს აერთიანებს — დამოუკიდებლობა“, — განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილმა საქართველოსა და ესტონეთის ორმხრივი ურთიერთობებისთვის 2017 წელს მნიშვნელოვანი უწოდა.
„20017 წელი მნიშვნელოვანია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვისაც, რადგანაც წელს აღინიშნება საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავი. ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობისა და მტკიცე პარტნიორობის შედეგები თავადვე მეტყველებენ ჩვენს წარმატებაზე. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენი თანამშრომლობა სწრაფად ვითარდება ყველა მიმართულებით, რის შედეგად იზრდება ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები და შესაბამისი სტატისტიკა — გასულ წელს დაფიქსირდა 21%-იანი ზრდა. ჩვენ მივესალმებით ესტონური ინვესტიციების ზრდას, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში, ასევე — ესტონეთში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ქვეყანაში ესტონელი ტურისტების რაოდენობის ზრდა და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ,ესტონეთშიც გაიზრდება ქართველი ტურისტების რიცხვი.
კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა ესტონეთის მაგალითი საქართველოსთვის.
„საგადასახადო რეფორმა ხორციელდება ესტონური მოდელის საფუძველზე და უკვე წარმატებით უზრუნველყოფს ახალი დინამიკის შემოტანას საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში, სულ უფრო მეტი ქართველი სტუდენტი ირჩევს ესტონეთს განათლების მისაღებად და სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც სწორედ ეს სტუდენტები გახდებიან მომავალში ესტონეთის კულტურის ელჩები საქართველოში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ესტონეთი საქართველოსთვის მისაბაძი მაგალითია და დიდ მადლობას გიხდით მეგობრობისა და პარტნიორობისთვის ამ წლების განმავლობაში, " — აღნიშნა მან.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც კვირიკაშვილმა ესტონეთის პრემიერთან განიხილა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და საქართველოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამაში მონაწილეობაა. ესტონეთი მიმდინარე წლის ივლისში ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება და ეს პროექტი მისთვის პრიორიტეტულად იქცევა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა წარმოადგენს ესტონეთის გრძელვადიან პრიორიტეტს და ჩვენი მიზანია მისი განმტკიცება ესტონეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, რომელიც ივლისში იწყება. როგორც იცით, 24 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მაღალი რანგის წარმომადგენლობა და რეალური შედეგები ამ სამიტზე", — განაცხადა რატასმა.