ციხესიმაგრე, რომელიც ქართველმა შოტლანდიელ მეუღლეს აუშენა, ანუ არქაული ყოფის რომანტიკა

© FB/ გივი ტუხაშვილიდავით ქაფიაშვილის ციხე-სიმაგრე "ოქროს აკვანი"
დავით ქაფიაშვილის ციხე-სიმაგრე ოქროს აკვანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით ქაფიაშვილი - ხელოვანი, რომელმაც საკუთარი ბედისწერა თავად შექმნა და ბავშვობის ოცნებები აისრულა. უცხო ქვეყნებში ცხოვრებამ პრაგმატული გახადა და შრომის ფასი ასწავლა. თუმცა საკუთარ თავს დღემდე მეოცნებეს უწოდებს.

საქართველოში დაბრუნებულმა ბაზალეთში უჩვეულო ციხე-სიმაგრე ააშენა და ის თავის შოტლანდიელ მეუღლეს მიუძღვნა. მის მიერ დაარსებული ფოლკლორული სოფელი „ოქროს აკვანი“ უკვე იქცა ხელოვნების ცენტრად, სადაც საერთაშორისო მნიშვნელობის ფესტივალები და ღონისძიებები ტარდება. აქ ყოველთვის ჩქეფს სიცოცხლე და ცოცხლდება ისტორია. გუშინდელ და დღევანდელ დღეზე, საკუთარ თავსა და გეგმებზე ექსცენტრიული ბუნების მხატვარი, მომღერალი და პოეტი ემოციურად მოგვითხრობს.

© FB/ გივი ტუხაშვილიდავით ქაფიაშვილი
დავით ქაფიაშვილი - Sputnik საქართველო
დავით ქაფიაშვილი

- ბატონო დავით, ვიცი, რომ ცხოვრებაში იმპროვიზაციები გიყვართ, ამიტომ კითხვები არ შემიდგენია, მოდი, ჩვენი საუბარი ასე დავიწყოთ: ვინ არის დავით ქაფიაშვილი, რა ადამიანია, რა ტიპია? როგორია საკუთარი თავის თქვენეული შეფასება, ასე ვთქვათ, გარედან?

— ვინ არის დათო ქაფიაშვილი?— მხატვარი, მოქანდაკე, პოეტი და მეოცნებე, ოღონდ, პოლიტიკურ ოცნებასთან კავშირი არ აქვს. ის თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია, რომელსაც ძალუძს ოცნება რეალობად აქციოს.

- დავაკონკრეტოთ, საკუთარი თუ სხვისი ოცნება?

— საკუთარ ოცნებას ვგულისხმობ. მე ვარ ის ბედნიერი ადამიანი, ვინც თავისი ოცნებების დიდი ნაწილი უკვე აღასრულა.

© FB/ გივი ტუხაშვილიდავით ქაფიაშვილი შოტლანდიელ მეუღლესთან ერთად
დავით ქაფიაშვილი შოტლანდიელ მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
დავით ქაფიაშვილი შოტლანდიელ მეუღლესთან ერთად

- ბატონო დავით, იმისთვის, რომ გამხდარიყავით კაცი, რომელიც საკუთარ ოცნებებს რეალობად აქცევს, დიდი გზა გაიარეთ?

— დიახ, დიდი და რთული გზა გავიარე… ყველაფერი ნულიდან დავიწყე. ახლა ვარ ციხე-სიმაგრისა და ფოლკლორული სოფლის „ოქროს აკვანი“ მფლობელი…

- ბავშვობაში ალბათ მეოცნებე დათო ქაფიაშვილი იყავით ქვიშის კოშკებს რომ აგებდა…

— რა ვიცი, მგონი, ყოველთვის განვსხვავდებოდი სხვა ბავშვებისგან. როდესაც სკოლაში რაიმე თემას გვაძლევდნენ, იმ თემას მე ვხატავდი. როცა ლექსს მაძლევდნენ, ზეპირად რომ გვესწავლა, იმას გადავაკეთებდი და სკოლაში ჩემეული ინტერპრეტაციით წარმოვადგენდი. მოკლედ პატარა ბავშვი ვიყავი, დიდი თვალებით, რომელსაც უნდოდა სხვებზე ადრე შეეგრძნო ეს სამყარო და სხვებზე მეტად სურდა, გადაეკეთებინა იგი…

- მერე, ეს შესძელით? ამბობენ, სამყაროს რომ შეცვალო, ჯერ საკუთარი თავის შეცვლით უნდა დაიწყოო…

— გარკვეულად შევძელი… მინდოდა, სამყარო შემეცვალა, მაგრამ ეს იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა…

© FB/ Kate Kiasashviliბაზალეთი - მეიარაღეთა და ბაზიერთა ფესტივალი
ბაზალეთი - მეიარაღეთა და ბაზიერთა ფესტივალი - Sputnik საქართველო
ბაზალეთი - მეიარაღეთა და ბაზიერთა ფესტივალი

- ბატონო დავით, გარკვეული წლები უცხოეთში იცხოვრეთ, რა გასწავლათ, როგორ შეგცვალათ უცხო გარემომ და უცხო ქვეყნის ტრადიციებმა?

— როდესაც სხვადასხვა ქვეყნებში დავდიოდი, პირველ რიგში, მათ ხალხურ შემოქმედებასა და ისტორიას ვსწავლობდი. თამამად გეტყვით, რომ უცხო ქვეყანამ ვერ შემცვალა, ისევ ქართველად დავრჩი. იქ მივხვდი, რომ პიროვნებები და გენიოსები ყველა ქვეყანაში იბადებიან. თუმცა ის განცდა მაინც გამიჩნდა, რომ ჩემს სამშობლოს ვერაფერი შეედრება. ეს სიამაყე კი პირველ რიგში ჩვენი კულტურისა და ტრადიციებიდან გამომდინარეა. უცხოეთში ცხოვრებამ ის მასწავლა, რომ უშრომლად არაფერი მოდის და ყველა საქმეს რუდუნებით უნდა მოეკიდო. ყველაფერი საფუძვლიანად უნდა შეისწავლო, რომ საწადელს მიაღწიო. ასევე მასწავლა პედანტობა და მიზნისკენ სწრაფვა…

© FB/ Kate Kiasashviliდავით ქაფიაშვილი
დავით ქაფიაშვილი  - Sputnik საქართველო
დავით ქაფიაშვილი

- და ამ თვისებების ფონზე ბოლომდე დარჩით ქართველად, რომელსაც ხალხური შემოქმედება უყვარს…

— ასეა, ძალიან მიყვარს და ავხსნი რატომაც… ხალხური შემოქმედება მიწის ენაა, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ ჩვენი ქვეყნად დარჩენის დიდი და მძლავრი რესურსია. ის წინაპრების მიერ დატოვებული დიდი საჩუქარია, რომელიც მარტო ქართველებს კი არა, მთელ პლანეტასაც ეკუთვნის. ამით ძალიან ვამაყობ.

- მინდა გავიხსენო თქვენთან პირველი შეხვედრა ბაზალეთში, სადაც სხვებთან ერთად შრომობდით, ქართველი ბიზნესმენის სტერეოტიპისგან განსხვავებული ხართ…

— ჯერ იმას გეტყვით, რომ არ მომწონს როცა ბიზნესმენს მეძახიან. მე ვარ ხელოვანი, რომელმაც საკუთარი ხელებით ააშენა ის, რაც ააშენა. ვარ ადამიანი, რომელიც 24 საათი მართლა მუხლჩაუხრელი შრომობს იმისთვის, რომ ზღაპარი, რაზეც ბავშვობაში ოცნებობდა- რეალობად აქციოს. შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, რომ ბუღალტერია და ციფრებთან ურთიერთობა საერთოდ არ ვიცი, მე ვიცი ერთი ქვა მეორეზე უფრო ლამაზად როგორ დავდო, რომ ის ხელოვნებად იქცეს…

© FB/ გივი ტუხაშვილიდავით ქაფიაშვილი
დავით ქაფიაშვილი - Sputnik საქართველო
დავით ქაფიაშვილი

- ბატონო დავით, რომელ ქვეყანებში ცხოვრობდით?

— თავიდან რუსეთში წავედი და მოსკოვში, რამდენიმე თეატრში მხატვრად ვმუშაობდი, ამის შემდეგ ვცხოვრობდი: გერმანიაში, შოტლანდიაში, საფრანგეთში, მერე ისევ რუსეთში დავბრუნდი. მერე იყო რუმინეთი, დუბაიშიც ვიცხოვრე. შემდეგ ყველაფერს თავი დავანებე და დღეს სამშობლოში ვცხოვრობ. აქ ვაწყობ ფესტივალებს, რომელიც ჩემს ქვეყანას სჭირდება…

- ამბობენ, ქართველმა კაცმა შოტლანდიელ მეუღლეს საქართველოში სიყვარულის კოშკი აუგოო, ასეა?

— დიახ, ჩემი მეუღლე, შოტლანდიელი ადელ ბლექმენია, რომელმაც გვარი ქაფიაშვილად გადაიკეთა. ბაზალეთში აგებული ამ კოშკით მას სიურპრიზი გავუკეთე, ამის შესახებ არაფერი იცოდა. ამ ამბავს ვუმალავდი და ერთ დღესაც ფაქტის წინაშე დავაყენე, რითიც უზომო სიხარული მივანიჭე და ამით მეც ბედნიერი ვარ… მყავს ორი შვილი: 24 წლის ნინია ქაფიაშვილი, რომელიც პირველი შვილი, ჩემი მზე და მთვარე და ხშირად ჩემი ჭკუის მასწავლებელია. მყავს 16 წლის ბიჭიც, დავით ქაფიაშვილი, რომელიც დუბაიში სწავლობს და იქ ერთ-ერთი რაგბის გუნდის კაპიტანია.

© FB/ გივი ტუხაშვილიდავით ქაფიაშვილი ცოლ-შვილთან ერთად
დავით ქაფიაშვილი ცოლ-შვილთან ერთად - Sputnik საქართველო
დავით ქაფიაშვილი ცოლ-შვილთან ერთად

- ბაზალეთში, თქვენს კომპლექსში ხშირად იმართება შემოქმედებითი შეხვედრები და ღონისძიებები…

— დიახ, ჩემთან ხშირად იმართება ფოლკლორული მუსიკისა და ჯაზის საღამოები, გამოფენები და სხვადასხვა კულტურული დღესასწაულები, ფესტივალები. მთაში, ექსპედიციებში სიარულის დროს ფოლკლორული მასალების შეგროვებისა და უხუცესებთან კონსულტაციის მერე ბაზალეთის ტბის პირას დავაარსე „სულის დოღი“, რომელიც ქვეყნისთვის შეწირული რაინდების ხსოვნისთვის ტარდება. უკვე 14 დოღი ჩავატარეთ. დროთა განმავლობაში ის უფრო ზოგად და მასშტაბურ ხასიათს იძენდა. მერე მას დავამატეთ მეიარაღეთა და ბაზიერთა ფესტივალი, რომელიც უკვე 6 წელია იმართება. ამ დროს საქართველოს კუთხიდან ჩამოდიან ბაზიერები და მეირაღენი, რომლებიც მამა-პაპის ტრადიციებს აგრძელებენ.

© FB/ გივი ტუხაშვილიდავით ქაფიაშვილი სულის დოღზე
დავით ქაფიაშვილი სულის დოღზე - Sputnik საქართველო
დავით ქაფიაშვილი სულის დოღზე

- ბატონო დავით, 19 ივნისიდან ციხე-კოშკ „ოქროს აკვანში“ მიმდინარეობს „არტ რეზიდენტურა“, რას წარმოადგენს ის და ვინ იღებს მასში მონაწილეობას?

— ეს არის ალტერნატიული ქანდაკების საერთაშორისო გამოფენა. ალტერნატიული ქანდაკება სხვა, ანუ არაკლასიკური ქანდაკებაა, რომელიც ნებისმიერი მასალისგან მზადდება. გამოფენაში მონაწილეობას მსოფლიოს 9 ქვეყნის წარმომადგენლები იღებენ. განსხვავებული თემატიკის ქანდაკებები, რომელთა მინიმალური სიმაღლე ორი მეტრია, ბაზალეთის ტბის პირას განლაგდება და აქ უნიკალური პარკი და რეკრეაციული ზონა იქნება. ჩვენ, მხატვრები, ამ ყველაფერს ვჩუქნით ქვეყანას, რომელსაც საქართველო ჰქვია…

- ბაზალეთში „მერსედესის“ ფირმის საკოლექციო, ძველი მოდელის მანქანა და უამრავი ძველი ნივთი ვნახეთ, ეს გატაცებაა?

— მე ვქმნი რეკვიზიტს და მაქვს უამრავი რეკვიზიტული მასალა, რომელსაც კინოგადაღების დროს ხშირად იყენებენ. ხელოვანებმა შეიყვარეს „ოქროს აკვანი“ და მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ აქ უკვე 12 ფილმი გადაღებულია. მათ შორის რეჟისორ ხომასურიძის ფილმი „ექვთიმე თაყაიშვილი“, რომლის გადაღებაც ამჟამად მიმდინარეობს. ასევე ფილმები: „დედა ენა“ და „წმინდა ნინოს შემოსვლა საქართველოში“. ჩვენთან სტუმრად იყვნენ ჰოლივუდისა და ბოლივუდის მსახიობები, ასე რომ, ჩვენთან ყოფნა კინოს მესვეურებსაც მოსწონთ, რადგან აქ ძალიან არტისტული და არქაული ატმოსფეროა…

© FB/ Sultan Borchashviliდავით ქაფიაშვილი
დავით ქაფიაშვილი - Sputnik საქართველო
დავით ქაფიაშვილი

- თქვენს კომპლექსს „ოქროს აკვანი“ შეარქვით და როგორ ფიქრობთ, ბოლო-ბოლო იშვა ის ქართველი, რომელსაც ეს აკვანი უცდიდა?

— არა. ის ქართველი ჯერ არ დაბადებულა, ჯერ ისევ ჩვენს წარმოსახვაშია და ქართველების სულში იმედის ნაპერწკლად ღვივის. ჩემი აზრით, სანამ ეს იმედი არსებობს, საქართველოც იქამდე იარსებებს და იმის იმედიც, რომ საქართველო გაბრწყინდება!..

 

ყველა ახალი ამბავი
0