მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრეს

© Sputnik / Alexander Imedashviliევროპის მოედანი
ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის თხოვნით დაკავებული მუსტაფა ემრეს ადვოკატი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის გასაჩივრებას აპირებს.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ყოფილ თანამშრომელ მუსტაფა ემრე ჩაბუქს, რომელიც თურქეთში ტერორიზმის ხელშეწყობაშია ბრალდებული, და ასევე მის ოჯახს უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, განუცხადა "Sputnik-საქართველოს"  ჩაბუქის ადვოკატის თანაშემწემ.

ჩაბუქი თბილისში მაისის თვის ბოლოს თურქული მხარის თხოვნით დააკავეს. თურქეთში ჩაბუქს ბრალად ედება აშშ-ში მცხოვრები ოპოზიციონერი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის დახმარება, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით ჩაბუქმა საქართველოს ხელისუფლებას ივნისის თვის დასაწყისში მიმართა.

„დაახლოებით 10-15 წუთის წინ ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება გადმოგვცეს — მუსტაფა ჩაბუქსა და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა… სამინისტროს უარის თქმის მიზეზი არ ჰქონდა და მას ყველანაირად უნდა დაეკმაყოფილებინა ეს თხოვნა", — განაცხადა იურისტის თანაშემწემ.

ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო
გიულენთან კავშირში ბრალდებულის მხარდასაჭერად საქართველოში პეტიციას მოაწერეს ხელი

ჩაბუქის ადვოკატები განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილების გასაჩივრებას თბილისის საქალაქო სასამართლოში აპირებენ. ამისთვის მათ 1 თვის ვადა აქვთ.

თურქეთის ხელისუფლება გიულენს 2016 წლის 16 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და აშშ-ისგან მის გადაცემას მოითხოვს. თავად გიულენმა დაგმო ამბოხება და განაცხადა, რომ უდანაშაულოა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან იმყოფება და განათლების სფეროში მოღვაწეობს. მისი ბოლო სამუშაო ადგილი იყო დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, სადაც 2016 წლიდან ბოლო დრომდე ხარისხის მართვის მენეჯერის თანამდებობას იკავებდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩაბუქი საქართველოში ცხოვრების უფლებით სარგებლობდა. მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0