„ესტონურმა მოდელმა" ქართველ ბიზნესმენებს 120 მილიონი ლარი აჩუქა

© Sputnik / Levan Avlabreliქარხანა Georgian Products
ქარხანა Georgian Products - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოგების გადასახადთან დაკავშირებულმა ახალმა წესებმა ბიზნესმენებს წარმოებაში 120 მილიონი ლარის რეინვესტირების საშუალება მისცა, მაგრამ ექსპერტები წესებში სოციალურ უსამართლობას ხედავენ.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან „ესტონური მოდელის" ამოქმედების შემდეგ, წლის პირველი კვარტლის შედეგებით, კომპანიებს მოგების გადასახადიდან 120 მილიონი ლარი დარჩათ, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საგადასახადო სისტემის „ესტონური მოდელი", რომელიც საწარმოების მიერ წარმოების განვითარებაზე მიმართულ ნაწილს მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, საქართველოში 2017 წლის 1 იანვარს ამოქმედდა. მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, მოგების გადასახადის განაკვეთი 15%-ს შეადგენს.

„მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად დაახლოებით 120 მლნ ლარი დარჩა კომპანიებში. წელს სულ 500 მლნ ლარი იქნება ის თანხა, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად დარჩება ეკონომიკაში", — განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებსა და ახალ ინვესტიციებს.

ფულის კუპიურები - Sputnik საქართველო
თუ ცოტაა - შეიძლება: ვისთვის შევიდა ცვლილებები საგადასახადო კოდექსში

მიუხედავად ფინანსთა მინისტრის ოპტიმიზმისა, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ საგადასახადო შეღავათებით მხოლოდ მსხვილი ბიზნესი სარგებლობს.

„ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა, რომელიც საქართველოში ვერ მუშაობს. იმის საშუალება მცირე ბიზნესს არა აქვს, რომ მონაგები თანხა ჩააბრუნოს ბიზნესში და სახლში არ წამოიღოს, იმიტომ რომ მისთვის ყოველი თანხა მნიშვნელოვანია, ის ამით ცხოვრობს. ამ ახალი მოდელით სარგებლობა მხოლოდ დიდ ბიზნესს შეუძლია", — განაცხადა ბაირახტარმა „Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში.

მისი თქმით, ეს მოდელი მსხვილ ბიზნესს გაფართოების შესაძლებლობას მისცემს.

„ჩვენ ამ მოდელის შემოღებით დიდ ბიზნესს მივეცით უფრო მეტად გაფართოების საშუალება, ხოლო ბიუჯეტში შექმნილი ნახევარმილიარდიანი დეფიციტი აქციზის გადასახადით დავაბალანსეთ, რომელსაც მცირე ბიზნესი იხდის. ანუ გაჭირვებული ფენიდან ამოვიღეთ ეს თანხა და დიდ განვითარებულ ბიზნესს მივეცით კიდევ უფრო მეტად განვითარების საშუალება", — განაცხადა ბაირახტარმა.

ყველა ახალი ამბავი
0