თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტების თავმჯდომარეებმა ევროპარლამენტს მიმართეს ერთობლივი წერილით, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტამდე ამ ქვეყნების მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერა რეზოლუციით დაფიქსირდეს.
„წელს იმართება "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი, სადაც ჩვენი ევროპული პერსპექტივის საკითხები განიხილება. პირადად ჩემი ინიციატივით, სამმა სპიკერმა-საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეებმა მივმართეთ ერთობლივი წერილით ჩვენს ევროპელ მეგობრებს იმისთვის, მათი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სამიტზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს მხარდაჭერა ჩვენი ევროპული პერსპექტივის მიმართ", — განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კობახიძის ხელმძღვანელობით სტრასბურგში ორშაბათიდან იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ქართველმა კანონმდებლებმა ევროპის საბჭოში და ევროპარლამენტში შეხვედრები გამართეს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) გენერალურ მდივან ვოიცეხ სავიცკისთან კობახიძემ განიხილა საქართველოს პარლამენტსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობის საკითხები.
ქართულმა დელეგაციამ გამართა შეხვედრები ევროპარლამენტში სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის წევრებთან და ევროპული სახალხო პარტიის წევრებთან. გარდა ამისა, გაიმართა შეხვედრები "ევრონესტის" და "საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის" საბჭოს წარმომადგენლებთან.
"აღმოსავლეთ პარტნიორობის" მორიგი სამიტი ბრიუსელში 2017 წლის ნოემბერში გაიმართება. პროექტი "აღმოსავლეთ პარტნიორობა" მიმართულია ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან. 2014 წელს ბოლო სამმა ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა.
2017 წლის 28 მარტს ევროკავშირმა შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ვიზები გააუქმა. მოგვიანებით უვიზო რეჟიმი ევროკავშირმა უკრაინის მოქალაქეებისათვისაც აამოქმედა.