საქართველოში ქრთამის აღების ფაქტზე ჩინოვნიკი დააკავეს

გამოწერა
უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ჩინოვნიკი მაშინ დააკავეს, როცა მან ქრთამის სანაცვლოდ მოქალაქეს წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო ყალბი მოწმობა გადასცა სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გადავადების ჩანაწერით.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი თამაზ ინალიშვილი დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ უწყების ვებ-გვერდზეა განთავსებული.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თამაზ ინალიშვილი საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა თავისი ნაცნობის — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლის მეშვეობით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის 3 წლის ვადით გადავადებას, რის სანაცვლოდაც 1000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.

დაკავება - Sputnik საქართველო
ქრთამი ყალბი ცნობისათვის: საქართველოში ჩინოვნიკი დააკავეს

2017 წლის ივნისის ბოლოს თამაზ ინალიშვილმა აღნიშნულ მოქალაქეს გამოართვა მოთხოვნილი თანხა 1000 აშშ დოლარის ოდენობით და განუმარტა, რომ უმოკლეს ვადაში გადასცემდა სამხედრო—სააღრიცხვო მოწმობას, რომელშიც იქნებოდა სავალდებულო სამსახურის გადავადების შესახებ შესაბამისი მონაცემი.   

5 ივლისს თამაზ ინალიშვილმა მოქალაქეს წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო ყალბი მოწმობა გადასცა სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გადავადების შესახებ ჩანაწერით, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 25–338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

ყველა ახალი ამბავი
0