თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. მსახიობი ჯულიეტ ბინოში, რეჟისორები ფრანკ კასტორფი და ქეთი მიტჩელი და ასევე გამოჩენილი ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და მხატვარი რეზო გაბრიაძე ავინიონის 71-ე თეატრალური ფესტივალის სტუმრები გახდებიან, რომელიც საფრანგეთში 6 ივლისს გაიხსნა.
ავინიონის ფესტივალი, რომელიც 71-ჯერ იმართება, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ საერთაშორისო თეატრალურ ფორუმს წარმოადგენს. ფესტივალი 1947 წელს დაარსდა, როდესაც ფრანგმა მსახიობმა და რეჟისორმა ჟან ვილარმა ავინიონში „დრამატული ხელოვნების კვირეული" მოაწყო. მან დიდი წარმატებით ჩაიარა და მომდევნო წელს ვილარმა ის თეატრალურ ფესტივალად აქცია.
რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი სპექტაკლ „რამონას" წარმოადგენს — ეს არის ორი ორთქლმავლის სიყვარულის ისტორია. მოვლენები ომისშემდგომ სსრკ-ში ხდება, სადაც ორთქლმავალს, სახელად ერმონს ციმბირში სამუშაოდ მიავლენენ, რამონა კი ქმარს პატარა სარკინიგზო სადგურ რიონში ელოდება. როდესაც ქალაქში მოხეტიალე ცირკი „შაპიტო" გამოჩნდება, რამონას ცხოვრება სამუდამოდ იცვლება. დაშორებული შეყვარებულები ისევ შეხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ როგორი იქნება ეს შეხვედრა და რა გარემოებში ჩაივლის, მაყურებლისთვის ბოლომდე გამოცანად დარჩება.
სპექტაკლ „რამონას" ჩვენება 11-13 ივლისს და 15-17 ივლისს გაიმართება.
ავინიონის ფესტივალის სცენაზე 1990-იან წლებამდე ძირითადად ფრანგული თეატრალური დასები გამოდიოდნენ, უცხოურები კი იშვიათად. ავინიონის ფესტივალი საერთაშორისო თეატრალურ ჩვენებად ბერნარ ფევრ დ'არსიემ აქცია, რომელიც 1980-1984 და 1993-2003 წლებში დირექტორის პოსტს იკავებდა. იმ დროიდან ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ იაპონიის, კორეის, ტაივანის, ინდოეთის, რუსეთის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების თეატრალური დასები.
2013 წლიდან ავინიონის ფესტივალს ცნობილი დრამატურგი, რეჟისორი და მსახიობი ოლივიე პი ხელმძღვანელობს.
წელს ფესტივალში მსოფლიო თეატრალური ხელოვნების უამრავი ვარსკვლავი მონაწილეობს. მათ შორის არიან — პოპულარული მსახიობი ჟულიეტ ბინოში, ცნობილი თეატრალური რეჟისორი ფრანკ კასტროფი, ინგლისელი ქეთი მიტჩელი, ცნობილი ფრანგი მსახიობი რობენ რენუჩი და თავად ფესტივალის დირექტორი ოლივიე პი და სხვები.
ფესტივალი ტრადიციულად ავინიონის მთავარ მოედანზე — პაპის სასახლის შიდა ეზოში სოფოკლეს „ანტიგონეთი" გაიხსნება, რომელიც იაპონელმა რეჟისორმა სატოში მიაგიმ დადგა.
ფესტივალის პროგრამა საკამოდ დატვირთულია. სპექტაკლების გარდა, რომლებიც ქალაქის ყველა თეატრალურ მოედანზე და ღია ცის ქვეშ — ქუჩებში, მოედნებსა და პარკებში გაიმართება, ფორუმი მოიცავს გამოფენებს, მასტერ-კლასებს, შემოქმედებით შეხვედრებს, ლექციებს და სხვა კულტურულ ღონისძიებებს.
ფესტივალი 26 ივლისამდე გაგრძელდება.