თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. გამოჩენილმა ქართველმა რეჟისორმა, მხატვარმა, სცენარისტმა და მარიონეტების თეატრის დამაარსებელმა რეზო გაბრიაძემ რუსული თეატრალური პრემია "ოქროს ნიღაბი" მიიღო — ეს სპეციალური პრიზი მან "თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის" მიიღო.
გაბრიაძესთან ერთად ამ პრიზით დაჯილდოვდნენ ანტონ ჩეხოვის სახელობის მოსკოვის მხატვრული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ოლეგ ტაბაკოვი და ვახტანგოვის თეატრის მსახიობი ვლადიმირ ეტუში.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონია მოსკოვში სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს მუსიკალურ თეატრში გაიმართა. საღამოს ესწრებოდა ცნობილი ქართველი თეატრალური რეჟისორი რობერტ სტურუა.
წელს ეროვნული თეატრალური პრემიის ნომინანტების რიცხვმა რეკორდულს მიაღწია — მასზე პრეტენზიას აცხადებდა 213 რეჟისორი, მსახიობი, მხატვარი, კომპოზიტორი და დრამატურგი. საბოლოოდ პრესტიჟული პრემია 50 ადამიანსა და კოლექტივს გადაეცა.
მთავარი პრიზი დიდი ფორმის საუკეთესო დრამატული სპექტაკლისთვის მაიაკოვსკის სახელობის თეატრის "რუსულმა რომანმა" მიიღო. საუკეთესო რეჟისორი ზედიზედ მეორე წელი ხდება ანდრეი მოგუჩი, რომელმაც ტოვსტონოგოვის სახელობის დიდ დრამატულ თეატრში სპექტაკლი "ჭექა-ქუხილი" დადგა.
პეტერბურგის მცირე დრამატულ თეატრში ჰამლეტის როლის შესრულებისთვის მსახიობი დანილა კოზლოვსკი საუკეთესო დრამატულ მსახიობად აღიარეს. საუკეთესო დრამატული მსახიობი ქალი ევგენია სიმონოვა გახდა, რომელმაც მაიაკოვსკის სახელობის თეატრში სპექტაკლში "რუსული რომანი" ითამაშა.
ოპერაში ქალის საუკეთესო შესრულებული როლისთვის პრიზი ნადეჟდა პავლოვამ მიიღო, რომელმაც პერმში ჩაიკოვსკის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში "ტრავიატაში" ვიოლეტა ვალერი განასახიერა. ოპერაში მამაკაცის საუკეთესო შესრულებული როლისთვის პრიზი ლიპარიტ ავეტისიანმა მიიღო, სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს მუსიკალური თეატრის ოპერეტაში "მანონი" შევალიე დე გრიეს როლის შესრულებისთვის.
რევაზ(რეზო) ლევანის ძე გაბრიაძე — ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი, დრამატურგი, მხატვარი და მოქანდაკე. მარიონეტების თეატრის ხელმძღვანელი. დაიბადა ქალაქ ქუთაისში. ავტორია 35-ზე მეტი ფილმის სცენარისა, რომელთა შორისაა: "არაჩვეულებრივი გამოფენა", "არ დაიდარდო", "პასპორტი", "ქვევრი", "შერეკილები", "მიმინო","ქინძაძა" და სხვა.
გაბრიაძე-მხატვარი, მოქანდაკე და წიგნის გრაფიკის ოსტატია. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, პარიზში. მისი ფერწერული, გრაფიკული ნამუშევრები და ქანდაკებები რუსეთის, გერმანიის, ისრაელის, აშშ-ს, საფრანგეთისა და იაპონიის მრავალ კერძო და სახელმწიფო კოლექციაში ინახება.
რეზო გაბრიაძე არის –სსრკ–ს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი(1989), შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1989), ლაურეატი პრემიებისა: "ნიკა", "ტრიუმფი", "ოქროს ნიღაბი", ასევე საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორის წოდების მფლობელია.