თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ფეხბურთის კლუბმა თბილისის „დინამომ“, რომელიც სლოვენიაში შეკრებაზე იმყოფება, პირველი ტესტ-მატჩი სერბეთის გუნდ „ჩუკარიჩკისთან“ ფრედ დაასრულა (0:0), ნათქვამია ქართული გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საინტერესო სპარინგი, რამდენიმე რეალური საგოლე მომენტის მიუხედავად, ანგარიშის გაუხსნელად დასრულდა.
სლოვენიაში შეკრებაზე „დინამო“ აბსოლუტურად გადახალისებული შემადგენლობით იმყოფება. რამდენიმე მოთამაშე ახალგაზრდული ნაკრების განკარგულებაში ევროპის U-19 ჩემპიონატზე იმყოფება, რომელიც ამ დღეებში საქართველოში ტარდება, ხოლო ნაწილი ფეხბურთელების ტრავმირებულია.
შემდეგ ტესტ-მატჩს კახა კაჭარავას აღსაზრდელები 8 ივლისს ხორვატიული კლუბ „რუდეშის“ წინააღდეგ გამართავენ. სლოვენიაში ქართული გუნდის შეკრება 13 ივლისამდე გაგრძელდება. მანამდე კიდევ ერთი შეხვედრა იგეგმება.
საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის ეროვნული ლიგის მეორე ნახევარი 21 ივლისს დაიწყება. პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ სატურნირო ცხრილში თბილისის „დინამო“ ერთპიროვნულად ლიდერობს (18 თამაშში — 43 ქულა) და უახლოეს კონკურენტს, ქუთაისის „ტორპედოს“ ექვსი ქულით უსწრებს.