თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ანალიზისა და კონსულტაციების ჯგუფმა "ეისითი" (Analysis and Consulting Team, ACT) და ტელეკომპანია "იმედმა" ჩაატარეს სოციოლოგიური კვლევა, რომლის შედეგად აღმოჩნდა, რომ მამაკაცები საქართველოში საშინაო საქმეებში ქალებს თითქმის არ ეხმარებიან.
"ეისითის" კვლევის თანახმად, გამოკითხული ოჯახების მხოლოდ 18-24%-ში ეხმარებიან მამაკაცები ქალებს ისეთ საქმიანობაში, როგორიცაა ჭურჭლის რეცხვა, სახლის დალაგება და კერძების მომზადება.
ოჯახებში როლები თანაბრად ნაწილდება ისეთ საქმიანობაში, როგორიცაა ოჯახის საკვებით მომარაგება – ოჯახების 39%-ის შემთხვევაში აღნიშნულ საქმიანობას თანაბრად ასრულებენ როგორც ქალები, ისე მამაკაცები.
წვრილ სახელოსნო სამუშაოებს ოჯახების 43%-ში მამაკაცი იღებს საკუთარ თავზე. თუმცა აღნიშნულ საქმიანობაშიც ქალების წვლილი საკმაოდ მაღალია – 57%-ში ქალები ნაწილობრივ მაინც ეხმარებიან მამაკაცებს.
მკვლევარები დაინტერესდნენ თბილისელების აზრით, თუ როგორ უნდა იყოს განაწილებული საოჯახო საქმეების შესრულებაში ქალებისა და მამაკაცების ფუნქციები. შედეგებმა აჩვენა, რომ თბილისელთა წარმოდგენები და მათი რეალური ცხოვრების წესი განსხვავდება ერთმანეთისგან. რესპონდენტები ფიქრობენ, რომ საოჯახო საქმეებში მამაკაცები და ქალები თანაბრად უნდა იყვნენ ჩართული.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 87% მიიჩნევს, რომ ბავშვის გასეირნება-გართობა — ქალისა და მამაკაცის მოვალეობაა. გამოკითხულთა 72%-ის აზრით, ბავშვის ბაღისა და სკოლის საკითხებთან დაკავშირებული მოვალეობები თანაბრად უნდა იყოს განაწილებული. რაც შეეხება ბავშვის ჭამასა და დაბანას, გამოკითხულთა 53%-ს ეს ქალის საქმედ მიაჩნია, ხოლო 47% თანაბარი ჩართულობის მომხრეა.
კერძების მომზადება და სახლის დალაგება — ეს ის საქმეებია, რომლითაც ქალები უნდა იყვნენ დაკავებული. თუმცა გამოკითხულთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ პროცესში კაცები ქალებს უნდა დაეხმარონ.
კვლევის შედეგად იკვეთება, რომ ოჯახურ საკითხებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ქალები და მამაკაცები თანაბარი ჩართულობით იღებენ. რაც შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ბავშვისთვის სკოლის ან ბაღის შერჩევა ან მცირე შენაძენების გაკეთება, ამით ძირითადად ქალები არიან დაკავებული, ხოლო მამაკაცები ქალებთან შედარებით მეტად იღებენ ოჯახის ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ გამოკითხული ოჯახების 65%-ში ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი მოდის მამაკაცებზე, ხოლო 35%-ში — ქალებზე.
სპეციალისტები ასევე დაინტერესდნენ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ თბილისელებს ცოლ-ქმარს შორის ფინანსური ფუნქციების გადანაწილებასთან დაკავშირებით. ერთი მხრივ, გამოკითხული რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ ოჯახში ქალსა და კაცს ერთნაირი შემოსავალი უნდა ჰქონდეთ (71%), ხოლო მეორე მხრივ ისინი მიიჩნევენ, რომ მამაკაცი მეტ შემოსავალს უნდა იღებდეს (74%). გამოკითხულთათვის ორივე ვარიანტი ერთნაირად მისაღები აღმოჩნდა.
გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა (58%) განაცხადა, რომ მათთვის მისაღებია, როდესაც ოჯახში ფულის შემომტანი მხოლოდ მამაკაცია. გამოკითხულთა 56%-თვის ყველაზე მიუღებელი ვარიანტია, როდესაც ოჯახში შემომტანი მხოლოდ ქალია.
გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით. სულ 2017 წლის ივნისში 400 თბილისელი გამოიკითხა.