თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. მას შემდეგ, რაც ორი ადამიანის გადასარჩენად, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხაბუმესთან (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი) აბობოქრებულ მდინარე ხობისწყალზე პატარა კუნძულზე იმყოფებოდნენ, ვერტმფრენი ჩაერთო, ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
როდესაც ხაბუმეს ორი მკვიდრი მდინარეზე გადადიოდა, რათა მეორე ნაპირიდან შეშა გადმოეტანათ, მდინარეში მოულოდნელად წყლის დონემ მოიმატა. შედეგად ისინი პატარა კუნძულზე ჩარჩნენ და შველას ითხოვდნენ.
ძლიერი დინების გამო მაშველები ორი საათის განმავლობაში მათთან მიახლოებას ვერ ახერხებდნენ, ამიტომ ოპერაციაში ბათუმიდან ვერტმფრენის ჩართვა გახდა საჭირო.
სტიქიამ რაჭასაც ავნო – ონის რაიონის სოფელი ღები ძლიერი წვიმის გამო გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ადიდებულმა მდინარემ სოფლამდე მისასვლელი გზა ჩაკეტა და ხიდები წაიღო.
მოსახლეობა შველას ითხოვს, თუმცა ძლიერი წვიმის გამო სამაშველო სამსახური ადგილამდე მისვლას ვერ ახერხებს.
"წვიმაა, ძალიან ცუდი ამინდია და წყალი მოდის ძალიან დიდი. სოფელი მოწყვეტილია რაიონულ ცენტრს… ცოტა ჩაცხრეს სტიქია და შემდეგ საჭირო ღონისძიებებს გავატარებთ“, — განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ლობჟანიძემ.
გამგებლის ვარაუდით, გზა 3-4 საათში გაიხსნება და სამაშველო ჯგუფი სოფლამდე მისვლას შეძლებს.