თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი და NBA-ს კლუბ "გოლდენ სტეიტ უარიორზის" ცენტრი ზაზა ფაჩულია გუნდში მომდევნო სეზონზეც შეიძლება დარჩეს, იუწყება გამოცემა USA Today.
მოვლენების ასეთი განვითარება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც "უორიორზის" ერთ-ერთმა ლიდერმა კევინ დიურანტმა სეზონზე მაქსიმალურად დასაშვებ ხელფასზე — 34,5 მილიონ დოლარზე უარი განაცხადა.
ამ გადაწყვეტილების შედეგად გუნდში რჩებიან ანდრე იგუდალა და შონ ლივინგსტონი.
მეტიც, დიურანტს თავისუფლად შეეძლო დათანხმებოდა 31,5 მილიონ დოლარს წელიწადში, მაგრამ, გამოცემის ინფორმაციით, ამ სეზონის ფინალური სერიის ყველაზე ღირებული მოთამაშე (MVP) მზად არის "უორიორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმოს და წელიწადში 25-26 მილიონი დოლარი მიიღოს.
თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, დიდია ალბათობა იმისა, რომ დაზოგილი თანხით კლუბი ფაჩულიასთან და ნიკ იანგთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას შეძლებს.
ამ სეზონზე "გოლდენ სტეიტ უორიორზმა" ფინალურ სერიაში "კლივლენდ კავალიერსი" დაამარცხა ანგარიშით 4:1 და NBA-ს ჩემპიონი გახდა, ხოლო ფაჩულია ისტორიაში პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც NBA-ს გამარჯვებული გახდა.