მელუა, ფაჩულია და სხვები საქართველოს პოპულარიზებისთვის დაჯილდოვდნენ

© AP Photo / KARL MATHISქეთი მელუა
ქეთი მელუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული დიასპორის წარმომადგენლები, რომლებმაც უცხოეთში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, საქართველოს პოპულარიზებისთვის დაჯილდოვდნენ.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. თბილისში ქართული დიასპორის წარმომადგენლები დააჯილდოეს, რომლებმაც უცხოეთში მნიშვნელოვან პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს — საზეიმო ცერემონია პარლამენტის შენობაში გაიმართა.

აღიარება 13-მა ადამიანმა მოიპოვა — ექვსი სფეროს ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა და საქართველოს მეგობრებმა. საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სხვა მოწვეული სტუმრები. ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნა.

„ჩვენი დიასპორის ბევრმა წარმომადგენელმა პროფესიული და კარიერული თვალსაზრისით მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია იმ ქვეყნებში, სადაც ამჟამად ცხოვრობენ. მათ თავიანთი ნიჭითა და ინტელექტით მოიპოვეს სახელი და ავტორიტეტი ხელოვნების, მეცნიერების, სპორტის, კულტურისა თუ სხვა სფეროებში. საქართველოს ჰყავს დიასპორა, რომელიც ამ უზარმაზარი პოტენციალის სამშობლოს სასიკეთოდ გამოყენების საშუალებას იძლევა", — განაცხადა ჯანელიძემ. 

ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო
ფაჩულია საქართველოში NBA-ს თასს და ჩემპიონის ბეჭედს ჩამოიტანს

ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ ესპანეთში მოღვაწე ხელოვანი ლიკა შხვაცაბაია, კიევის საგანმანათლებლო ცენტრ „იბერიელის" ხელმძღვანელი მაკა ლომსაძე და ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა, აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცათ ქართველ ისტორიკოსს და ქართველოლოგს, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორს დავით ყოლბაიას; ჰარვარდის უნივერსიტეტში მოღვაწე მედიცინის დოქტორს ონკოლოგიაში სოფიო ადამიას; შვედეთის ქალაქ ლუნდსის უნივერსიტეტის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ მერაბ კოკაიასა და ავსტრიაში მოღვაწე ქართველ ქირურგს იოსებ ნანობაშვილს.

საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში მოღვაწე ზვიად ჯაფარიძეს.

ნომინაციაში — ჯილდო სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისთვის — გაიმარჯვა კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტმა, კიოლნის უნივერსიტეტის დოქტორანტმა და 2015 წლის საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა გერმანიაში მიხეილ სარჯველაძემ.

ქართული სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა ქართველ კალათბურთელს, საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და NBA-ს 2017 წლის ჩემპიონს ზაზა ფაჩულიას.

საქართველოს უცხოელი მეგობრის ჯილდო გადაეცათ: ბერძენ ტელეჟურნალისტს და ქართული კულტურის უდიდესი ქომაგს თეოდორა ავგერს; ავსტრიელ მეწარმე ლეოპოლდ ბაუსბეკს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში ტურიზმის განვითარებაში, ავსტრიაში ქართული კულტურის წარმოჩენასა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებაში, და შვეიცარიელ პედაგოგსა და მუსიკოსს, შვეიცარიაში ქართული კულტურის, მუსიკის და ლიტერატურის დიდ ქომაგს თომას ჰოიზერმანს.

გამარჯვებულებმა მიიღეს ჯილდო-ფირფიტა, რომელიც წარმოადგენს ადრინდელი ანტიკური ხანის ქართული ოქრომჭდლობისა და საქართველოს მატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშის ერთ-ერთი ექსპონატის ასლს.

დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების პირველი ოფიციალური ცერემონია გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, მიგრაციის საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტთან ENIGMMA (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) თანამშრომლობით.

ყველა ახალი ამბავი
0