თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. თბილისის დაბინძურების ერთ-ერთ წყაროს სამრეწველო ზონები წარმოადგენს, განაცხადა ბრიფინგზე ეკოლოგმა ხათუნა ახალაიამ.
სპეციალისტის თქმით, თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული რაიონია ელიავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი უდიდესი სამშენებლო ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია.
"მსგავსი ზონები ქალაქის ცენტრალურ უბნებში არ უნდა იყოს", — განაცხადა ახალაიამ და დასძინა, რომ ბაზრობის ტერიტორიაზე ჩნდება ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული გუბეები.
ეკოლოგი დარწმუნებულია, რომ გარემოს დაბინძურების აღმოსაფხვრელად საჭიროა მსგავსი ზონების ქალაქიდან მოშორებულ ადგილებში გადატანა.
ელიავას ქუჩაზე ბაზრობის ტერიტორიაზე სიტუაციის სწორი შეფასება და სპეციალისტების მოხსენებები აჩვენებს, თუ რამხელა ზიანს აყენებენ აქ მოქმედი იურიდიული პირები თავისი საქმიანობით გარემოს და რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ქალაქიდან მსგავსი ზონები რაც შეიძლება მალე გადაიტანონ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ბოლო მონაცემებით, თბილისში ყველაზე სუფთა ჰაერია ნუცუბიძის პლატოს მე-4 მიკრორაიონში და ვაჟა-ფშაველას გამზირზე. შედარებით დაბინძურებული ჰაერია მელიქიშვილის გამზირზე, მეტროს სადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირზე (პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარედ) და პარკ „მზიურის“ ცენტრალურ შესასვლელთან.
ელიავას ქუჩაზე სამშენებლო მასალების ბაზრობაზე 2 ივლისს ხანძარი გაჩნდა. დამწვარია ბაზრობის დაახლოებით 2500 კვ მ ფართობის ტერიტორია. წინასწარი ვერსიით, ყველაზე მეტად პავილიონის პირველი სექტორი დაზიანდა, სადაც აალება მოხდა. ხანძრის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.