თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკანონოდ აღმართვის გამო, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა.
„აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე და ხელს უშლის საქართველოს ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ოფიციალურმა თბილისმა ხაზი გაუსვა უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის აუცილებლობას. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ზონებში.
ბანერის აღმართვის საკითხი დაადასტურეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, მაგრამ არა გასულ კვირას, არამედ ივნისში. EUMM-ის მონაცემებით, სოფელ ბერშუეთის მახლობლად, ადმინისტრაციულ საზღვართან, ქართული ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, რამდენიმე ბანერი 19 ივნისს გაჩნდა, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.