თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში 7 ივლისს გაიმართება, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
"კონსულტაციების ფარგლებში იგეგმება გაგრძელდეს ვაჭრობის, ტრანსპორტის, ჰუმანიტარული კონტაქტების სფეროებში რუსულ-ქართული ურთიერთობების დარეგულირების პრაქტიკული საკითხების განხილვა", — ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ორი ქვეყნის სატრანსპორტო უწყების წარმომადგენლები, აღნიშნეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისმა 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძე–კარასინის რეგულარული შეხვედრების ფორმატში მიმდინარეობს.
აბაშიძე–კარასინის მოლაპარაკებები ტრადიციულად პრაღაში იმართება და ითვალისწინებს დისკუსიას მხოლოდ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე.
ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება. ამჟამად ეს საქართველოს წარმომადგენლებსა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებს შორის დიალოგის ერთადერთი ფორმატია. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ რუსეთის, აშშ-ის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.
გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის მოღვაწეობის ერთ-ერთ პრიორიტეტს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება წარმოადგენს. ამავე დროს საქართველოს ხელისუფლება პროდასავლური პოლიტიკის გატარებას აგრძელებს.