სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს შეღავათებს დაჰპირდნენ

გამოწერა
სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლებმა შეიძლება სამსახური დაკარგონ, თუ კონდიციონერის ჩართვის მოთხოვნას არ შეასრულებენ.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. თბილისის მიკროავტობუსების მძღოლები, რომლებთან დაკავშირებითაც კონდიციონერის გამორთვის გამო საჩივარი არ შევა, ყოველდღიური მოსაკრებლისგან გათავისუფლდებიან, აღნიშნულია კომპანია თბილისის მიკროავტობუსის" განცხადებაში.

კომპანიამ ქალაქის სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლები დაავალდებულა, რომ 1 ივლისიდან კონდიციონერები ჩართონ, მაგრამ თბილისის მერიის მონიტორინგმა გამოავლინა, რომ გაგრილების სისტემას სამარშრუტო ტაქსების მხოლოდ 20% იყენებს. ამასთან, დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურამ უკვე რამდენიმე დღეა 34-39 გრადუსს მიაღწია.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 120-მდე მძღოლს სხვადასხვა სახის სანქცია დაეკისრა.

სამარშრუტო ტაქსები თბილისში - Sputnik საქართველო
მიკროავტობუსები თბილისში უფრო უსაფრთხო გახდა

„მძღოლების ის ნაწილი, რომელთა მიმართაც ცხელი დღეების განმავლობაში არ დაფიქსირდება პრეტენზია მონიტორინგის სამსახურში, დამატებით იქნებიან კომპანიის მიერ წახალისებული და არ გადაიხდიან იმ დღის გეგმურ გადასახადს", — ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ კონდიციონერები ყველა მიკროავტობუსში გამართულად მუშაობს. გარდა ამისა, მძღოლები ზაფხულში შეღავათიანი სისტემით მუშაობენ, რაც გაგრილების სისტემაზე ხარჯების სრულად დაფარვის საშუალებას იძლევა.

თუ კომპანიის ინსპექტორები შეიტყობენ, რომ მძღოლი კონდიციონერის ჩართვაზე უარს აცხადებს, ის თავდაპირველად მიიღებს სიტყვიერ გაფრთხილებას, მეორე დარღვევისას მას ერთი კვირით აეკრძალება მუშაობა, ხოლო თუ დარღვევა მესამედ დაფიქსირდა, კომპანია უფლებას იტოვებს, შეწყვიტოს მძღოლთან სამუშაო კონტრაქტი.

მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც რეგულარულად ადევნებენ თვალს მიკროავტობუსების მუშაობას, შემოწმებების შედეგებს პერიოდულად გამოაქვეყნებენ.

მიკროავტობუსების მძღოლების მიმართ პრეტენზიების შემთხვევაში მგზავრებს შეუძლიათ დარეკონ საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერზე 032 220-03-40.

ყველა ახალი ამბავი
0