თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს პირველმა პირებმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ხალხს ეროვნული დღესასწაული — დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და მათ მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვეს.
დამოუკიდებლობის დღე აშშ-ის ძირითადი სახელმწიფო დღესასწაულია, რომელიც დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების პატივსაცემად აღინიშნება. 1776 წლის 4 ივლისს 13 შტატის წარმომადგენლებმა ფილადელფიის ქალაქის სათათბიროს შენობაში ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატები ბრიტანეთის სამეფოსგან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.
„წელს ჩვენ აღვნიშნავთ აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გამყარდება სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენ ქვეყნებს შორის, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაღრმავებას როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ", — ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მილოცვაში.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აშშ-ის ახალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაიმართა, ასევე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მომავალი ვიზიტი საქართველოში.
აშშ-ის პრეზიდენტის სახელზე მისალოცი წერილი გაგზავნა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც.
„საქართველო ყოველთვის იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი პარტნიორი. ჩვენი ისტორიული მეგობრობა შეუქცევადია; ჩვენმა ერებმა ერთმანეთის მტკიცე მხარდაჭერით ერთად გაიარეს სხვადასხვა გამოწვევა საერთო კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დასაცავად… დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო განვითარდება და გაძლიერდება", — აღნიშნა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძლიერი, დამოუკიდებელი და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობისათვის ამერიკელმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე მრავალი გამოწვევა გაიარა… ვითვალისწინებ რა არსებულ არასტაბილურ და ცვალებად გარემოს, მჯერა, რომ თქვენი ქვეყანა წარმატებით გაივლის ყველა გამოწვევას და ახალ სიმაღლეებს მიაღწევს წარმატებული განვითარებისათვის", — აღნიშნა მარგველაშვილმა.
საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 აპრილს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და განათლების სფეროებში.
2009 წლის 9 იანვარს ვაშინგტონში ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას საქართველოსა და აშშ-ს შორის. ქარტიის ფარგლებში 2009 წლის ივნისში შეიქმნა სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი რიგი მიმართულებებით. დოკუმენტი ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.
სტრატეგიული პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა 2016 წელს, როდესაც ქვეყნებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს "საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ". მემორანდუმის ფარგლებში აშშ საქართველოში სამხედრო მომზადების ცენტრის აშენებას აპირებს.