თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ალერგიული სიმპტომები, რომლებიც რკინიგზის სადგურ „სამტრედია II“-ის თანამშრომლებს გაუჩნდათ, დაკავშირებულია არა სამუშაო პირობების გაუარესებასთან, არამედ სიცხის დადგომასთან, ნათქვამია "საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.
მანამდე მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რკინიგზის სადგურ „სამტრედია II“-ის პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმის გამო გაუარესდა, რომ ისინი ცუდ პირობებში მუშაობენ.
"გვინდა განვაცხადოთ, რომ ალერგიული სიპტომები მხოლოდ რკინიგზაში მომუშავე პირებს არ აღენიშნებათ და არანაირად არ უკავშირდება მათ შრომით პირობებს. მსგავსი ჩივილებით სამტრედიის მოსახლეობა ზაფხულის ცხელ პერიოდში ხშირად მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს", — აღნიშნულია განცხადებაში.
ამ საკითხის შესასწავლად "საქართველოს რკინიგზამ" მოიწვია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე გარემოს დაცვის სპეციალისტები, რომლებმაც დეტალური მონიტორინგი ჩაატარეს.
"მათი დასკვნის საფუძველზე შეგვიძლია მოგახსენოთ, რომ აღნიშნული ალერგიული ფონი მწვავდება ზაფხულში — ივლისისა და აგვისტოს თვეებში, რაც დაკავშირებულია, სავარაუდოდ, მცენარეების ყვავილობასთან", — აღნიშნულია განცხადებაში.
სპეციალისტთა დასკვნით, სადგურზე რადიაციული ფონიც არ არსებობს.
"საქართველოს რკინიგზაში" აღნიშნეს, რომ ყველა თანამშრომელს აქვს კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა, მათ შეუძლიათ მიმართონ კლინიკებს და კვალიფიცირებული ექიმებისგან სამედიცინო დახმარება მიიღონ.
კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ელმავლებში, სადგურებში, სხვადასხვა საამქროსა თუ დეპოებში მუდმივად ხდება პირობების გაუმჯობესება, შეძენილია და მოძრაობს თანამედროვე ელმავლები, რომლებიც აღჭურვილია გათბობა-გაგარილების სისტემით და ყველა იმ აუცილებელი პირობით, რაც მემანქანეს სჭირდება.
მონიტორინგის ჯგუფის დახმარებით "საქართველოს რკინიგზა" აგრძელებს პროცესებზე დაკვირვებას და თავისი თანამშრომლების ჯანმრთელობის შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობს, აღნიშნულია განცხადებაში.
სამტრედიაში განსაკუთრებით ცხელი ზაფხული იცის, რაც ადგილობრივ მოსახლეობაში გარკვეულ სირთულეებს იწვევს. ასეთ დღეებში ბევრს მომატებული აქვს ალერგიული ფონი, ასევე შეინიშნება ჟანგბადის უკმარისობის შეტევები.