თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. მართლმადიდებელ პარლამენტართა გენერალური ასამბლეა, რომელიც თბილისში 2019 წელს პირველად გაიმართება, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტისთვის ახალი პლატფორმა შეიძლება გახდეს, მიიჩნევს დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი.
ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა მოსკოვმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა და მიიღო კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ".
„საქართველოში მართლმადიდებელ პარლამენტართა გენერალური ასამბლეის ჩატარება ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც უძველესი მართლმადიდებელი ქვეყნის პოპულარიზაციას, მათ შორის რელიგიური ტურიზმის განვითარების კუთხით. ასევე მოგვცემს ახალ პლატფორმას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენ წინაშე მდგარი პრობლემების გადასაწყვეტად", — განაცხადა მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატმა.
ქუცნაშვილმა განმარტა, რომ ასამბლეა ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც სახელმწიფო საზღვრებთან ერთად აღიარებს და იცავს საეკლესიო საზღვრების ერთიანობას.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ რუსეთის პატრიარქი კირილი ქართული ეკლესიის იურისდიქციას აღიარებს.
მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეა 1993 წელს საბერძნეთში დაარსდა. მისი უმაღლესი ორგანოა გენერალური ასამბლეა, რომელიც ყველა მონაწილე ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებისგან შედგება. ასამბლეის წევრია ევროპის, აზიის, აფრიკისა და ამერიკის 25 სახელმწიფო.
ასამბლეის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ მართლმადიდებლური კულტურის როლს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში გამაერთიანებელ ძალას, რომელიც სხვა კულტურებთან ურთიერთობებში ევროპისთვის ერთგვარ ხიდს წარმოადგენს. ისინი ასევე ხელს უწყობენ საპარლამენტო, პოლიტიკურ, საეკლესიო და სამეცნიერო მოღვაწეებსა ან ინსტიტუტებს შორის არსებულ კონტაქტებს მართლმადიდებლური კულტურული მემკვიდრეობის განვითარების საქმეში.